ჩვენ არ ვართ შეშფოთებული მხოლოდ გამჭვირვალობის კანონის გამო, მათ შორის, იმ დეზინფორმაციითაც, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები ავრცელებენ - პიტერ სტანო

საქართველო, თბილისი - 12:00 | 26.06.2024
ნანახია: 118

ჩვენ არ ვართ შეშფოთებული მხოლოდ გამჭვირვალობის კანონის გამო, მათ შორის, იმ დეზინფორმაციითაც, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები ავრცელებენ, - ამის შესახებ ვროკომისიის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ TV პირველთან ინტერვიუში განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიმართ ზოგიერთი გადაწყვეტილების მიღებას ერზტუსლოვნება არ სჭირდება.

„ზოგიერთი გადაწყვეტილება შეიძლება დაუყოვნებლივ შესრულდეს; ზოგიერთ მათგანს კი სჭირდება უფრო მეტი დრო და ერთიანობა, მაგრამ ერთიანობა არ გვჭირდება ზოგიერთი გადაწყვეტილების მისაღებად; მაგალითად, საქართველოს მთავრობასთან პოლიტიკური კონტაქტების შემცირებისთვის. თქვენ დაინახავთ, რომ საქართველოს პრემიერს და მაღალჩინოსნებს ევროკავშირი აღარ მოიწვევს და ევროკავშირიდანაც აღარ გეყოლებათ საქართველოში მაღალი რანგის სტუმრები. ასევე ევროკავშირის მხრიდან სამხედრო დახმარების შემცირებასაც არ სჭირდება ევროკავშირის ერთიანობის მიღწევა. ეს არის მკაფიო სიგნალი საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ თქვენ არასწორი გზით მიდიხართ. 

გადაწყვეტილება არ მიგვიღია, თუმცა ის ფაქტი, რომ უკვე მეორე თვეა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მსჯელობენ საქართველოს შესახებ, უკვე არის ძალიან მკაფიო სიგნალი. ჩვენ, ძირითადად, მსოფლიოს დიდ გამოწვევებზე ვლაპარაკობთ, როგორიცაა ომი უკრაინაში, ღაზის კონფლიქტი, ახლა კი უკვე ორი თვეა, საქართველოში განვითარებულ პროცესებზე ვმსჯელობთ.

ჩვენ არ ვართ შეშფოთებული მხოლოდ გამჭვირვალობის კანონის დამტკიცების გამო, მათ შორის, იმ დეზინფორმაციითაც, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები ავრცელებენ. ეს არის ძალიან ნეგატიური მოვლენა, რომელიც საქართველოს მთავრობის სურვილს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. 

საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროკავშირის გზიდან გადაჰყავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველოს ახლა შანსიც კი არ აქვს, უკრაინის და მოლდოვის გზას გაჰყვეს. მოლდოვა და უკრაინა ძალიან კარგი მაგალითია იმისა, თუ რისი მიღწევა შეგიძლია უმოკლეს პერიოდში ისეთი მძიმე მდგომარეობის პირობებშიც კი, როგორშიც ახლა უკრაინაა. რაც განზრახული გაქვს, იმას იღებ. საქართველოს აქვს ყველანაირი პირობა, კრიტერიუმებს მიჰყვეს. ამის ნაცვლად კი, [მთავრობამ] გადაწყვიტა, მიიღოს კანონები, რომლებსაც იღებს. ევროკავშირის გზავნილია, რომ თქვენ ვერ წახვალთ წინ. ევროკავშირის კარი ღიაა თქვენთვის, მაგრამ მთავრობა ამ კარს თავად კეტავს. თუ თქვენ თავად კეტავთ ევროკავშირის კარს, ჩვენ ბევრის გაკეთებას ვერ შევძლებთ“, - განაცხადა პიტერ სტანომ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე