შვეიცარია რუსეთს სანქციებს უწესებს

საქართველო, თბილისი - 19:54 | 28.02.2022
ნანახია: 274

შვეიცარია, ნეიტრალური სახელმწიფო, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდა. იტყობინება Reuters-ი.

"უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო ინტერვენციის გათვალისწინებით, ფედერალურმა საბჭომ 28 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება, შეუერთდეს ევროკავშირის მიერ 23 და 25 თებერვალს დაწესებულ სანქციების პაკეტს", – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

ამავდროულად, შვეიცარია აწესებს ფინანსურს სანქციებს, რომლებიც მიემართება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს.

ამასთან, შვეიცარიამ კიდევ ერთხელ გამოხატა მტკიცე სოლიდარობა უკრაინისა და მისი ხალხის მიმართ და განაცხადა, რომ ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს უკრაინელ ლტოლვილებს.

გარდა ამისა, შვეიცარია რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლობის შეთავაზებით გამოვიდა.

ბოლო დრომდე, რუსეთ-უკრაინის ომში, შვეიცარია ცდილობდა შეენარჩუნებინა თავისი ტრადიციული ნეიტრალიტეტი, რასაც იმითაც ხსნიდა, რომ შესაძლოა მხარეებს შორის შუამავლის როლი შეესრულებინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე