თქვენს შვილებს როგორ ჩახედავთ თვალებში? იყავით ბელარუსი და არა რუსეთი - ზელენსკი ბელარუსის მოქალაქეებს მიმართავს

საქართველო, თბილისი - 13:08 | 27.02.2022
ნანახია: 298

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგანგებო ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც მან ბელარუსის მოქალაქეებს მიმართა.

ზელენსკის თქმით, ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინელ ბავშვებს კლავენ.

"ამ ომში, რომელიც ახლა მიმდინარეობს, თქვენ, სამწუხაროდ, ჩვენს მხარეს არ ხართ. თქვენი ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციის ჯარები უკრაინაში რაკეტებს უშვებენ. ჩვენს შვილებს თქვენი ტერიტორიიდან კლავენ, ჩვენს სახლებს ანგრევენ, ისინი ცდილობენ გაანადგურონ ყველაფერი, რაც ათწლეულების განმავლობაში აშენდა", - აღნიშნა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენკიმ მოუწოდა მეზობელი ქვეყნის მოქალაქეებს, გადაწყვიტონ "ვინ უნდათ რომ იყვნენ". "როგორ შეხედავთ თვალებში ერთმანეთს, თქვენს შვილებს ან მეზობლებს".
"იყავით ბელარუსი და არა რუსეთი", - თქვა ზელენსკიმ.

"4 დღის წინ, ზუსტად ბელარუსის ტერიტორიიდან, გაუშვეს ფრთიანი რაკეტები, თვითმფრინავები, ვერტმფრენები, ტექნიკა და დაარტყეს ჩვენს სახლებს. ეს უცნაური დეჟავიუა. იცით, კიევს დილის 4 საათზე დაესხნენ თავს... ისევე, როგორც 1941 წელს. ვიღაცას იუმორის ასეთი გრძნობა აქვს. თქვენ კი, გეძინათ, ბელარუსო ძმებო და ჩვენ გავიღვიძეთ, მაგრამ ახლა თქვენ გძინავთ და ჩვენ, ამ მომენტში, უკვე საწოლებში აღარ ვწვებით, ჩვენ ვიბრძვით, ვიბრძვით საკუთარი ქვეყნისთვის, საკუთარი თავისუფლებისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა გამორიცხა მინსკში სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა, როგორც ამას რუსეთის მხარე მოითხოვს.

"როდესაც თქვენ ნეიტრალურები იყავით, ჩვენ ვსაუბრობდით მინსკში, არაერთხელ გამართულა თქვენს ქალაქში შეხვედრა. ზუსტად ამიტომ, ახლა ჩვენ მინსკზე საუბარი არ გვაქვს. შეხვედრისა და მოლაპარაკებებისთვის, ადგილი შეიძლება იყოს სხვა ქალაქი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა მშვიდობა, მოლაპარაკება, ომის დასრულება... ვარშავა, ბრატისლავა, ბუდაპეშტი, სტამბული, ბაქო - ესაა ყველაფერი ის, რაც ჩვენ შევთავაზეთ რუსულ მხარეს. მოლაპარაკებებისთვის გამოდგება ნებისმიერი ქვეყანა, სადაც რაკეტები არ დაფრინავს. მხოლოდ ასე შეიძლება, მოლაპარაკებები იყოს სამართლიანი და ომის დასრულება გამოიწვიოს", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე