ევროკავშირმა პუტინსა და ლავროვს სანქციები დაუწესა

საქართველო, თბილისი - 22:40 | 25.02.2022
ნანახია: 280

ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელიმ განაცხადა.

„დღეს ჩვენ შევიყვანეთ {სანქციათა} სიაში პრეზიდენტი პუტინი და მინისტრი ლავროვი“ , - განაცხადა ბორელიმ პრესკონფერენციაზე.

"ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, რომ მსოფლიოში მხოლოდ 3 ლიდერს აქვს დაწესებული ევროკავშირის სანქციები - ასადს სირიიდან, ლუკაშენკას ბელარუსიდან და ახლა უკვე პუტინს რუსეთიდან", - დასძინა ბორელიმ.

მან აღნიშნა, რომ სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდნენ რუსეთის დუმის დეპუტატები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს უკრაინაში რუსეთის შეჭრას.

ასევე ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ბელარუსის წარმომადგენლებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებების დაწყებას.

გავრცელებული ცნობით, სანქციები უკავშირდება პუტინისა და ლავროვის ევროპის ტერიტორიაზე არსებული აქტივების გაყინვას. ამ დროისთვის, დამატებითი დეტალები უცნობია, ისევე როგორც, აქვთ თუ არა ევროპაში რაიმე აქტივი აგრესორი ქვეყნის მესვეურებს.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის სანქციები არ ითვალისწინებს პუტინისა და ლავროვისთვის სამოგზაურო აკრძალვის დაწესებას.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე