რუსი ოლიგარქების ქონება ერთ დღეში $39 მილიარდით შემცირდა

საქართველო, თბილისი - 14:58 | 25.02.2022
ნანახია: 274

უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის პირველივე დღეს, რუსეთის უმდიდრესი ადამიანების ქონება 39 მილიარდი დოლარით შემცირდა. იტყობინება სააგენტო Bloomberg-ი.

გამოცემის ცნობით, ბიზნესმენებს შორის ყველაზე დიდი ზარალი "ლუკოილის" პრეზიდენტმა ვაგიტ ალეკპეროვმა განიცადა. მისი ქონება 6.2 მილიარდით, 13 მილიარდამდე შემცირდა.

ამავდროულად, ნავთობის მწარმოებლის აქციები ხუთშაბათს დაახლოებით 33 პროცენტით დაეცა.

მეტალურგიული კომპანია Северсталь-ის ხელმძღვანელმა ალექსეი მორდაშოვმა $4,2 მილიარდი დაკარგა, რამაც მისი ქონება 23 მილიარდ დოლარამდე შეამცირა.

Bloomberg-ის შეფასებით, რუსეთის უმდიდრესმა ადამიანმა Норникель-ის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პოტანინმა 3 მილიარდი დოლარი დაკარგა.

რუსი ოლიგარქების ქონება, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდეც მცირდებოდა. Bloomberg-ის მონაცემებით, უკრაინაში ვითარების გამწვავების ფონზე რუსმა ოლიგარქებმა 2022 წლის დასაწყისიდან მილიარდობით დოლარი დაკარგეს. 23 უმდიდრესი რუსის ქონება საერთო ჯამში 32 მილიარდით, 375 მლრდ დოლარიდან 343 მლრდ დოლარამდე შემცირდა.

კერძოდ, "სიბურის" და "ნოვატეკის" დირექტორთა საბჭოს წევრმა და პუტინის ახლო მეგობარმა გენადი ტიმჩენკომ, ქონების თითქმის მესამედი დაკარგა. წლის დასაწყისიდან მისი ქონება 16 მლრდ-მდე შემცირდა.

სააგენტო აღნიშნავს, რომ რუსი ოლიგარქების კაპიტალი შესაძლოა კიდევ უფრო შემცირდეს მათ წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების დაწესების შემდეგ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე