ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა

საქართველო, თბილისი - 00:01 | 23.02.2022
ნანახია: 376

თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

ბაიდენის თქმით, სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობა საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. მისივე თქმით, რუსეთმა, სეპარატისტული რეგიონების აღიარებით, ფაქტობრივად დაიწყო უკრაინაში შეჭრა.

ამავდროულად, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა ახალი პაკეტი წარადგინა.

ბაიდენის თქმით, სანქციები უწესდება ორ დიდ რუსულ ფინანსურ ინსტიტუტს - VEB Bank-სა და სამხედრო ბანკს. ამავდროულად, შეზღუდვები დაუწესდება რუსეთის სუვერენულ ვალსა და რუსეთის ელიტის წარმომადგენლებს (მათი ვინაობა არ დასახელებულა).

"ჩვენ ვახორციელებთ ყოვლისმომცველ სანქციებს რუსეთის სუვერენულ ვალზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მოვწყვეტთ რუსეთის მთავრობას დასავლური დაფინანსებისგან. მათ აღარ შეეძლებათ ფინანსების მოზიდვა დასავლეთისგან და დაებლოკებათ წვდომა საერთაშორისო ვალის ბაზრებზე.

ჩვენ ასევე დავაწესებთ სანქციებს რუსეთის ელიტასა და მათი ოჯახის წევრებზე. ისინი იზიარებენ კრემლის პოლიტიკის კორუფციულ მიღწევებს და ასევე უნდა გაიზიარონ ტკივილიც", - თქვა ბაიდენმა.

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ თუ რუსეთი "გააგრძელებს აგრესიას", შესაძლოა დამატებითი სანქციები.

მანამდე, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც რუსეთის მიერ აღიარებული სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე