მინსკის შეთანხმებები აღარ არსებობს - პუტინი

საქართველო, თბილისი - 22:58 | 22.02.2022
ნანახია: 311

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების შემდეგ, მინსკის შეთანხმებები აღარ არსებობს.

"გუშინ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებებს დონეცკის სახალხო რესპუბლიკასთან, ასევე ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკასთან. ამ შეთანხმებებში არსებობს შესაბამისი პუნქტები, რომლებშიც ნათქვამია, რომ ჩვენ ამ რესპუბლიკებს აღმოვუჩენთ შესაბამის დახმარებას, მათ შორის სამხედრო დახმარებასაც. ვინაიდან იქ კონფლიქტია, ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ნათლად ვაცხადებთ, რომ მზად ვართ, შევასრულოთ აღებული ვალდებულებები", - განაცხადა პუტინმა.

ამასთან, პუტინმა, მინსკის შეთანხმებების გაუქმებაზე პასუხისმგებლობა კიევს დააკისრა.

"მოსკოვი იძულებული გახდა მიეღო ეს გადაწყვეტილება, რადგან ევროპამ ვერ შეძლო აიძულა კიევი, შეესრულებინა შეთანხმებებით გათვალისწინებული პირობები", - თქვა პუტინმა.

შეგახსენებთ, 21 თებერვალს რუსეთმა ცნო ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების "სუვერენიტეტი". ამავდროულად, პუტინმა თავდაცვის სამინისტროს, სეპარატისტულ რეგიონებში "მშვიდობის უზრუნველსაყოფად" ჯარების გაგზავნა უბრძანა".

ამავდროულად, პუტინმა სეპარატისტული რეგიონების ლიდერებთან, მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების გააფორმა, რისი რატიფიცირებაც მოგვიანებით სახელმწიფო დუმამ მოახდინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე