ფედერაციის საბჭომ პუტინს თანხმობა მისცა შეიარაღებული ძალების რუსეთის ფარგლებს გარეთ გამოყენებაზე

საქართველო, თბილისი - 22:21 | 22.02.2022
ნანახია: 362

რუსეთის პარლამენტის ზედა ლაპატამ, ფედერაციის საბჭომ პუტინს თანხმობა მისცა შეიარაღებული ძალების რუსეთის ფარგლებს გარეთ გამოყენებაზე. ამის შესახებ ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ, ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა.

მატვიენკოს განცხადებით, საუბარია სამშვიდობო ძალებზე, რომლებმაც "დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას უნდა შეუწყონ ხელი".

შესაბამის დადგენილებას მხარი 153-მა სენატორმა დაუჭირა. ფედერაციის საბჭოს გადაწყვეტილებას პუტინი გამოეხმაურა. მისი თქმით, ზედა პალატის მიერ გაცემული ნებართვა არ ნიშნავს იმას, რომ რუსული ჯარი დონბასში ახლავე გაემართება.

შეგახსენებთ, 21 თებერვალს რუსეთმა ცნო ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების "სუვერენიტეტი". ამავდროულად, პუტინმა თავდაცვის სამინისტროს, სეპარატისტულ რეგიონებში "მშვიდობის უზრუნველსაყოფად" ჯარების გაგზავნა უბრძანა". დასავლეთმა მკაცრად დაგმო პუტინის გადაწყვეტილება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე