რუსეთი ცდილობს შექმნას პროვოკაციების კასკადი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის საბაბად - ენტონი ბლინკენი

საქართველო, თბილისი - 21:02 | 20.02.2022
ნანახია: 327

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა და ბელარუსმა სამხედრო წვრთნები გაახანგრძლივეს. ამის შესახებ ბლინკენმა CNN-ის ეთერში ისაუბრა.

"ეს მოწმობს იმას, რომ სცენარი რომელზედაც ჩვენ ვსაუბრობდით და რაც მე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზეც ვახსენე, რომ რუსეთი ცდილობს შექმნას პროვოკაციების კასკადი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის საბაბად, წინ მიიწევს", - თქვა ბლინკენმა.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ რუსეთმა "ბოლო თვეებში გაზარდა თავისი ძალები უკრაინის საზღვრებთან 50 000-დან 100 000-მდე, ახლა კი - 150 000-მდე".

"ასე რომ, ეს ყველაფერი, იმ შეთითხნილ ოპერაციებთან ერთად, რომელიც ვიხილეთ შაბათ-კვირას, არის იმის მტკიცებულება, რომ ჩვენს მიერ ნახსენები სცენარი ხორციელდება", - დასძინა ბლინკენმა.

ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ მომავალ კვირას აპირებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრას, "თუ მანამდე რუსეთი არ შეიჭრება უკრაინაში".

სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მზად არის ესაუბროს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ნებისმიერ ფორმატში, თუ ეს ხელს შეუწყობს ომის თავიდან აცილებას და რომ აშშ გააგრძელებს ძალისხმევას, რათა დაარწმუნოს მოსკოვი, უარი თქვას უკრაინაში შეჭრაზე.

"ჩვენ გვჯერა, რომ პუტინმა თავის მხრივ მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ სანამ ტანკები არ დაიძვრებიან და თვითმფრინავები არ აფრინდებიან, ყველა წუთს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ დიპლომატიის საშუალებით შევაჩეროთ პუტინი", - თქვა ბლინკენმა.

მანამდე, ლიეტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ რუსეთისა და ბელორუსის გადაწყვეტილება ერთობლივი წვრთნების გახანგრძლივების შესახებ, კიევზე თავდასხმისთვის აშკარა მზაობაზე მიუთითებს.

კვირას ცნობილი გახდა, რომ რუსეთის და ბელარუსის ჯარები გააგრძელებენ საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებას ერთობლივი წვრთნების დასრულების შემდეგ, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსი სამხედროები ბელარუსში დარჩებიან დაგეგმილზე დიდხანს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე