დუმა რეზოლუციით მოუწოდებს პუტინს, აღიაროს დონბასის სეპარატისტული რესპუბლიკები

საქართველო, თბილისი - 15:49 | 15.02.2022
ნანახია: 317

რუსეთის დუმამ მხარი დაუჭირა რეზოლუციის პროექტს, რომლითაც გათვალისწინებულია პრეზიდენტ პუტინისადმი მიმართვა, აღიაროს უკრაინის დონბასის სეპარატისტული რეგიონების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.

დუმის სპიკერის ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, რეზოლუცია სახელმწიფოს მეთაურს დაუყოვნებლივ გადაეგზავნება.

"დეპუტატები მიიჩნევენ, რომ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარება შექმნის უსაფრთხოების გარანტიების საფუძვლებს, დაიცავს რესპუბლიკების მაცხოვრებლებს გარე საფრთხეებისგან, ასევე გააძლიერებს საერთაშორისო მშვიდობასა და რეგიონულ სტაბილურობას", - თქვა ვოლოდინმა.

დუმაში რუსეთის პრეზიდენტისადმი ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების მოწოდების მიზნით ორი პროექტი იყო დარეგისტრირებული, კომუნისტებისა და უმრავლესობის ფრაქციის "ედინაია რასიას" მიერ. კომუნისტების პროექტმა 351 ხმა მიიღო, უმრავლესობის პროექტმა - 310.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე