ვაშინგტონი უარყოფს ამერიკული წყალქვეშა ნავის რუსეთის ტერიტორიულ წყლებში შესვლას

საქართველო, თბილისი - 15:52 | 13.02.2022
ნანახია: 356

ვაშინგტონმა უარყო რუსეთის ხელისუფლების ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის საზღვაო ძალების ატომური წყალქვეშა ნავი რუსეთის ტერიტორიულ წყლებში შევიდა.

"რუსეთის პრეტენზიები მათ ტერიტორიული წყლებში ჩვენი ოპერაციების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადა კაილ რეინსმა, აშშ-ის ინდო-წყნარი ოკეანის სარდლობის წარმომადგენელმა.

მან უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე ამერიკული წყალქვეშა ნავების ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ და აღნიშნა, რომ ყველა ფრენა, გემების მოძრაობა და ოპერაცია საერთაშორისო ტერიტორიულ წყლებში უსაფრთხოების ზომების ფარგლებში მიმდინარეობს.

მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 12 თებერვალს, კურილის კუნძულებთან, სადაც სამხედრო წვრთნებს ატარებს, რუსეთის ტერიტორიულ წყლებში შევიდა ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი.

უწყების მტკიცებით, რუსმა სამხედროებმა წყალქვეშა ნავის ეკიპაჟს აცნობეს, რომ რუსეთის ტერიტორიულ წყლეში იყო შესული და დაუყოვნებლივ ზედაპირზე ამოსვლა მოსთხოვეს, რაც არ შესრულდა.

მათი თქმით, რუსულმა ხომალდმა "მარშალმა შაპოშნიკოვმა" გამოიყენა „შესაბამისი საშუალებები“ ნავის წინააღმდეგ, რის შემდეგაც, წყალქვეშა ნავმა მაქსიმალური სიჩქარით დატოვა რუსეთის წყლების.

იმავე დღეს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დაიბარეს მოსკოვში აშშ-ის საელჩოს სამხედრო ატაშე და საპროტესტო ნოტა გადასცეს.

მოსკოვმა ინციდენტი შეაფასა, როგორც "საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა" და განაცხადა, რომ წყალქვეშა ნავის ქმედებები "საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციის ეროვნულ უსაფრთხოებას".




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე