ბრიტანეთი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, სწრაფად დატოვონ უკრაინა

საქართველო, თბილისი - 00:08 | 12.02.2022
ნანახია: 542

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება უკრაინაში მყოფ თავის მოქალაქეებს ქვეყნის დაუყოვნბელივ დატოვებისკენ მოუწოდებს.

"დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს ახლა ვურჩევთ, უარი თქვან უკრაინაში მოგზაურობაზე. უკრაინაში მყოფმა ბრიტანელმა მოქალაქეებმა ახლავე უნდა დატოვონ ქვეყანა კომერციული რეისების საშუალებით", - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

მანამდე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ამერიკის მოქალაქეებს უკრაინის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა.

ანალოგიური შინაარსის განცხადებები გააკეთეს ნორვეგიის, ნიდერლანდების, ლატვიის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა.

დასავლური მედიის ცნობით, რუსეთი განაგრძობს უკრაინის სიახლოვეს დამატებითი ძალების თავმოყრას. აღნიშნული თაობაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც გააკეთა გამაფრთხილებელი განცხადება. მისი თქმით, რუსეთი განაგრძობს ჯარების თავმოყრას და შესაძლოა, ნებისმიერ დროს შეიჭრას უკრაინაში.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, პუტინმა პეკინის ოლიმპიადის მიმდინარეობისას განიზრახოს უკრანაში სამხედრო ინტერვენცია.

რუსული ძალების დამატებით თავმოყრაზე ისაუბრა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლგენბერგმაც. მისი განცხადებით, რუსეთი განაგრძობს თავის სამხედრო ძალების გაძლიერებას უკრაინის გარშემო. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ამ ვითარების გათვალისწინებით, იზრდება ევროპაში შეიარაღებული კონფლიქტის რისკი.

ამავდროულად, ნორვეგიის სამხედრო დაზვერვის მეთაურმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრისთვის ყოველმხრივ მზად არის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე