თეთრი სახლი ამერიკელებს მოუწოდებს, მომდევნო 24-48 საათის განმავლობაში დატოვონ უკრაინა

საქართველო, თბილისი - 00:06 | 12.02.2022
ნანახია: 808

თეთრი სახლი მოუწოდებს უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს, შემდეგი 24-48 საათის განმავლობაში დატოვონ ქვეყანა. განაცხადა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა.

"ჩვენ ვაგრძელებთ კიევში საელჩოს პერსონალის რაოდენობის შემცირებას და პრეზიდენტ ბაიდენისა და სახელმწიფო მდივან ბლინკენის განცხადებების მსგავსად, მსურს, მოვუწოდო უკრაინაში მყოფ ამერიკელებს, სასწრაფოდ დატოვონ ქვეყანა", - თქვა სალივანმა.

"რაც შეიძლება მალე, მომდევნო 24-48 საათის განმავლობაში", - დასძინა მან.

სალივანმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი არ გაგზავნის უკრაინაში სამხედროებს ამერიკის მოქალაქეთა ევაკუაციისთვის.

"თუ თქვენ [უკრაინაში] დარჩენას გადაწყვეტთ, რისკს თქვენს თავზე აიღებთ, გარანტიის გარეშე, რომ კიდევ გექნებათ წასვლის შესაძლებლობა. რუსეთის შეჭრის შემთხვევაში სამხედრო ევაკუაციის პერსპექტივა არ არსებობს", - თქვა სალივანმა.

სალივანის განცხადებით, აშშ არ ფიქრობს, რომ პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

"თუმცა საკმარისი დონის შეშფოთება გვაქვს იმის საფუძველზე, თუ რას ვხედავთ ადგილზე და რა მონაცემები მიიღეს ჩვენი დაზვერვის ანალიტიკოსებმა. ჩვენ ამ მკაფიო მესიჯს ვაგზავნით. ეს საგანგებო გზავნილია, რადგან ჩვენ საგანგებო სიტუაციაში ვართ", - განაცხადა ჯეიკ სალივანმა.

ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი შესაძლოა ნებისმიერ დროს შეიჭრას უკრაინაში.

მანამდე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინა. ანალოგიური შინაარსის განცხადებები გააკეთეს დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიის, ნიდერლანდების, ლატვიის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა.

10 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა გაფრთხილება ამერიკის მოქალაქეებისადმი, რომ რუსეთის მიერ სამხედრო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, აშშ-ის მთავრობა ვერ შეძლებს მოქალაქეთა ევაკუაციას.

დასავლური მედიის ცნობით, რუსეთი განაგრძობს უკრაინის სიახლოვეს დამატებითი ძალების თავმოყრას. აღნიშნული თაობაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც გააკეთა გამაფრთხილებელი განცხადება. მისი თქმით, რუსეთი განაგრძობს ჯარების თავმოყრას და შესაძლოა, ნებისმიერ დროს შეიჭრას უკრაინაში.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, პუტინმა პეკინის ოლიმპიადის მიმდინარეობისას განიზრახოს უკრანაში სამხედრო ინტერვენცია.

რუსული ძალების დამატებით თავმოყრაზე ისაუბრა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლგენბერგმაც. მისი განცხადებით, რუსეთი განაგრძობს თავის სამხედრო ძალების გაძლიერებას უკრაინის გარშემო. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ამ ვითარების გათვალისწინებით, იზრდება ევროპაში შეიარაღებული კონფლიქტის რისკი.

ამავდროულად, ნორვეგიის სამხედრო დაზვერვის მეთაურმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრისთვის ყოველმხრივ მზად არის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე