ნორვეგიის დაზვერვის ცნობით, რუსეთს უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრისთვის ყველა რესურსი მზად აქვს

საქართველო, თბილისი - 22:24 | 11.02.2022
ნანახია: 366

ნორვეგიის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის, ვიცე-ადმირალ ანდრეას სტენსონესის განცხადებით, რუსეთს, ოპერატიული მომზადების თვალსაზრისით, ყველა რესურსი მზად აქვს უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციისთვის. ამის შესახებ სტენსონსენმა საფრთხეების შეფასების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.

"რუსებს აქვთ ყველაფერი, რას საჭიროა იმისთვის, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია განახორციელონ, რაც მოიცავს მცირე შეჭრას აღმოსავლეთში, მცირე თავდასხმებს მთელ უკრაინაში და სრულ შეჭრას მთლიანად უკრაინის ან ქვეყნის გარკვეული ნაწილის ოკუპაციას", - განაცხადა ვიცე-ადმირალმა.

"ახლა პუტინის გადასაწყვეტია, თუ რომელ გზას აირჩევს იგი", - დასძინა მან.

ამავდროულად, დაზვერვის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ძნელი სათქმელია, მოსალოდნელია თუ არა რუსეთის უკრაინაში შეჭრა, რადგან გადაწყვეტილების მიღების ექსკლუზიური შესაძლებლობა პუტინს უპყრია ხელთ.

დასავლეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთმა ანექსირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვარზე 150 000-მდე ჯარისკაცი განათავსა. მოსკოვი უარყოფს ახალი შეჭრისთვის მზადებას და ევროპელებსა და ამერიკელებს უკრაინის შეიარაღებასა და რუსეთის საზღვრებთან მანევრების ჩატარებაში ადანაშაულებს.

დასავლეთი მოსკოვს უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს და რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელ სახელმწიფოზე შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში ფართომასშტაბიანი სანქციებით იმუქრება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე