მინსკის შეთანხმებების შესრულება ერთადერთი გზაა მშვიდობის დასამყარებლად - ემანუელ მაკრონი

საქართველო, თბილისი - 19:37 | 08.02.2022
ნანახია: 354

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კიევში უკრაინელ კოლეგასთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მინსკის შეთანხმებების შესრულება, უკრიანის საზღვართან რუსული ძალების მობილიზების გამო შექმნილი დაძაბული ვითარების დარეგულირების ერთადერთი გზაა.

„26 იანვარს მრჩეველთა შეხვედრაზე უკრაინამ დაადასტურა, რიმ მზად არის წინ წავიდეს ამ შეთანხმებების გზით.. მე განვიხილე ეს საკითხები პრეზიდენტ პუტინთან და მან დამიდასტურა თავისი განზრახვა გააგრძელოს მინსკის შეთანხმებების შესრულება.

ასევე თქვენგან მოვისმინე, რომ თქვენც მზად ხართ ამ შეთანხმებების შესრულებისთვის. ეს ერთადერთი გზაა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს დავამყაროთ მშვიდობა, ეს ერთადერთი გზაა დიპლომატიური გადაწყვეტილებებისთვის“, - განაცხადა მაკრონმა.

მაკრონმა დაადასტურა, რომ 10 თებერვალს ბერლინში შედგება „ნორმანდიული ოთხეულის“ მრჩეველთა ახალი შეხვედრა. „მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ შეასრულოს თავისი ვალდებულებები. საფრანგეთი და გერმანია მზად არიან ამ პროცესებს მხარი დაუჭირონ. ეს პროცესი უნდა წარიმართოს იმ ზეწოლისგან დამოუკიდებლად, რომელიც დღეს უკრაინის საზღვარზეა“, - განაცხადა მაკრონმა.

რუსეთში ვიზიტის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინაში ჩავიდა.

მანამდე, მოსკოვში, ემანუელ მაკრონსა და პუტინს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებები გაიმართა, რომელმაც 6 საათს გასტანა.

ემანუელ მაკრონის  ვიზიტი რუსეთსა და უკრაინაში ნაწილია იმ ძალისხმევისა, რომელსაც დასავლეთი კონფლიქტის დეესკალაციის მიზნით ახორციელებს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე