Bild-ი აქვეყნებს მოსკოვის გეგმას უკრაინის რუსეთთან შეერთების შესახებ

საქართველო, თბილისი - 13:45 | 05.02.2022
ნანახია: 433

გერმანული გამოცემა Bild-ი დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს რუსეთის ხელისუფლების მიერ შემუშავებულ გეგმას უკრაინის შეერთების შესახებ.

გამოცემის ინფორმაციით, გეგმა, რომელიც უკრაინაში  სამხედრო ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ უნდა ამოქმედდეს, მოიცავს რამდენიმე ეტაპს.

პირველი ეტაპი - ეს არის ქალაქების აღება. უკრაინულ ჯარზე გამარჯვების შემდეგ რუსეთის არმია გეგმავს დაიმორჩილოს მსხვილი დასახლებული პუნქტები.

ამისთვის, უკრაინის ქალაქებში აქტიურ მოქმედებებს დაიწყებენ მოსკოვისადმი ლოიალურად განწყობილი პოლიტიკოსები და სპეცსამსახურების თანამშრომლები, რომელთა ამოცანაც იქნება დააყენონ პრორუსული ხელმძღვანელობა და შეთანხმდნენ რუსეთისთვის ამ ქლაქების გადაცემაზე.

ამის შემდეგ ყველა მსხვილი ქალაქი „მშვიდობიანი გზით“ გადავა მოსკოვის კონტროლის ქვეშ.
ქალაქების კაპიტულაციის შემდეგ დაიწყება მეორე სტადია: რუსეთის ხელისუფლება უმაღლესი რადის ნაცვლად შექმნის „სახალხო რადას“.

ახალ მარიონეტულ საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას დაიწყებენ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ არჩეული წარმომადგენლები. ამის შემდეგ შეიქმნება მთავრობა, რომელსაც რუსეთი გააკონტროლებს.
მესამე ეტაპზე ახალი მთავრობა ქვეყანაში გამოაცხადებს საგანგებო მდგომარეობას და შექმნის ბანაკებს, სადაც გაიგზავნებიან უკრაინის ის მოქალაქეები, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობაზე უარს იტყვიან.

გამოცემისვე ინფორმაციით, პრორუსული ხელისუფლება ჩაახშობს ნებისმიერ წინააღმდეგობას ბელარუსის ხელისუფლების მსგავსად.

„რუსეთისთვის მთელი კამპანიის წარმატება დამოკიდებული იქნება დაპყრობილი ტერიტორიების კონტროლზე, იმაზე, შეძლებს თუ არა ის გატეხოს უკრაინელი ხალხი, ასევე მიაღწიოს ახალი მთავრობის ლეგიტიმურობის აღიარებას“, - წერს Bild-ი.

ამ ეტაპების შემდეგ უკრაინაში შეიქმნება პოლიციური სახელმწიფო, რომელმაც უნდა შექმნას პირობები საერთო ეროვნული რეფერენდუმის ჩასატარებლად, რომელზეც გამოტანილი იქნება უკრაინის რუსეთთან შეერთების საკითხი. Bild-ი წერს, რომ მოსკოვი გეგმავს შექმნას ახალი კავშირი, რომელშიც შევლენ რუსეთი, უკრაინა და ბელარუსი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე