რუსეთი აპირებს ყალბი თავდასხმის ამსახველი ვიდეოს გავრცელებას, რათა უკრაინაში შეჭრის საბაბად გამოიყენოს - აშშ-ის დაზვერვა

საქართველო, თბილისი - 14:24 | 04.02.2022
ნანახია: 369

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ფლობენ ინფორმაციას,რომ  რუსეთი აპირებს ყალბი თავდასხმის ამსახველი ვიდეოს გავრცელებას, რათა უკრაინაში შეჭრის საბაბად გამოიყენოს. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა Axios თეთრი სახლის ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, რუსული სპეცსამსახურები ჩართულნი არიან მსახიობების მონაწილეობით თავდასხმის ფაბრიკაციის დაგეგმვაში. წყარო აღნიშნავს, რომ რუსეთი გეგმავს პროპაგანდისტულ ვიდეოს, რომელშიც სავარაუდოდ, ასახული იქნება „გრაფიკული სცენები გაყალბებული აფეთქებებისა და გვამების ინსცენირებით, მსახიობების გოდებითა და განადგურებული შენობებითა და სამხედრო ტექნიკით.

ვიდეოში, შესაძლოა, ასევე ჩანდეს თურქული დრონები  ან სხვა სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც უკრაინას ნატო-ს ქვეყნებმა გადასცეს. როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელი გამოცემასთან აღნიშნავს, ეს იქნება ნატო-ს დადანაშაულება თავდასხმასთან კავშირში, რაც პუტინს მისცემს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებისა და გამართლების საბაბს.  

„ეს ერთ-ერთია იმ ვარიანტებიდან, რომლებიც რუსეთმა შეიმუშავა. ჩვენ მას გამოვაქვეყნებთ იმ იმედით, რომ  რუსეთი აღებული  კურსიდან გადაუხვევს“, - განაცხადა წყარომ.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში თეთრი სახლის ადმინისტრაცია უკვე მეორედ ადანაშაულებს რუსეთს ოპერაციის მომზადებაში, რომელიც შესაძლოა, უკრაინაში შეჭრის საბაბი გახდეს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ წყაროების დაცვის მიზნით, არ წარმოადგენენ ბრალდების საჯარო მტკიცებულებებს. „თუ თქვენ აშშ-ის, ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების ხელისუფლებებს  არ ენდობით და გსურთ იპოვოთ ნუგეში ინფორმაციაში, რომელსაც რუსეთი ავრცელებს, ეს თქვენი საქმეა“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე