თურქეთი აგრძელებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ყირიმის ჩათვლით - ერდოღანი

საქართველო, თბილისი - 22:17 | 03.02.2022
ნანახია: 456

ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით გავიმეორო, თურქეთი აგრძელებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, ყირიმის ჩათვლით, - ამის შესახებ კიევში ვიზიტით მყოფმა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრეზიდენტების ერთობლივ პრესკონფერენციას წინ უძღოდა თურქეთ-უკრაინის უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მე-10 შეხვედრა.

"მე ვაფასებ უკრაინელი ოფიციალური პირების გზავნილებს, კერძოდ, ბატონი პრეზიდენტის, რომელიც საღი აზრისა და დიალოგის მომხრეა. როგორც უკვე აღვნიშნე, თურქეთი მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს მის ორ მეგობარ შავიზღვისპირა მეზობელს შორის არსებული კრიზისის მოსაგვარებლად", - თქვა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ კრიზისი მშვიდობიანად და დიპლომატიური გზით დასრულდება, მინსკის შეთანხმებების ფარგლებში, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.

ერდოღანის ვიზიტის ფარგლებში, თურქეთმა და უკრაინამ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე