ბორის ჯონსონი მიმდინარე კვირაში უკრაინას ეწვევა

საქართველო, თბილისი - 14:56 | 31.01.2022
ნანახია: 334

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მიმდინარე კვირაში უკრაინას ეწვევა.

ჯონსონის მოსალოდნელი ვიზიტი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უკრაინულ მედიას დაუდასტურა.

კულებას განმარტებით, უკრაინის პარტნიორების კონტაქტები რუსულ მხარესთან უკრაინასთან მჭიდრო კოორდინაციით მიმდინარეობს, რუსეთი კი მათგან უკრაინასთან შეთანხმებულ პოზიციებს ისმენს.

„მომდევნო ორი კვირა ამის ნათელი დემონსტრირება იქნება. მხოლოდ მიმდინარე კვირაში ჩვენთან ერთდროულად ჩამოვლენ სამი ქვეყნის  პრემიერ-მინისტრები“, - განაცხადა კულებამ.

მინისტრმა განმარტა, რომ საუბარია დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდებისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრებზე. კულებას ჯონსონის ვიზიტის თარიღი არ გაუჟღერებია. ამასთან, გასულ კვირას დააანონსდა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლიზ ტრასის ვიზიტი უკრაინაში.

მანამდე, ბრიტანეის პრემიერის პრესსპიკერი იუწყებოდა, რომ ჯონსონი გეგმავს ვიზიტს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რათა რეგიონში თავიდან იქნას აცილებული სისხლისღვრა.  

ამასთან, მიმდინარე კვირაში ბორის ჯონსონი გეგმავს სატელეფონო საუბარს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.

ორშაბათს, 31 იანვარს, იაპონიის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ ჯონსონმა იაპონიაში თებერვლის შუა რიცხვებისთვის დაგეგმილი ვიზიტი უკრაინის გარშემო დაძაბულობის ზრდის გამო გადადო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე