უკრაინაში შეჭრა რუსეთის უგუნური ქმედება იქნება - ერდოღანი

საქართველო, თბილისი - 13:54 | 28.01.2022
ნანახია: 566

თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ თაიფ ერდოღანი კიდევ ერთხელ აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრა უგუნური ქმედება იქნება.

ერდოღანი კვლავ გამოვიდა ინიციატივით, იკისროს შუამავლის როლი რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის შესამცირებლად.

"იმედი მაქვს, რომ რუსეთი არ განახორციელებს შეიარაღებულ თავდასხმას და არ დაიკავებს უკრაინას. ეს იქნება უგუნური ქმედება რუსეთისთვის და რეგიონისთვის", - განაცხადა ერდოღანმა NTV-სთან ინტერვიუში.

ამასთან, ერდოღანმა აღნიშნა, რომ რუსეთის მოსმენისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთების აღმოსაფხვრელად, დიალოგი აუცილებელია.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, მან რუსეთის პრეზიდენტი ანკარაში მიიწვია, რათა დიპლომატიური გზებით ეცადონ დაძაბულობის განმუხტვას. მისი თქმით, მიწვევაზე მოსკოვისგან პასუხი ჯერ არ მიუღია.

ერდოღანმა დასძინა, რომ საჭიროა ყოვლისმომცველი დისკუსია, რათა მოსმენილ იქნეს რუსეთის მიერ გაჟღერებული უსაფრთოხების შესახებ წუხილები, ასევე იმის ნათელსაყოფად, თუ რატომ არ არის გონივრული მოსკოვის ზოგიერთი მოთხოვნა.

მანამდე, ერდოღანმა განაცხადა, რომ რეგიონი კიდევ ერთ ომს ვეღარ გადაიტანს.

ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის პრეზიდენტი უკრაინას ეწვევა. ერდოღანის ვიზიტი უკრაინის დედაქალაქში 3 თებერვალს, თურქეთსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30-ე წლისთავზე შედგება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე