რუსეთმა უარი უნდა თქვას უსაფრთხოების გარანტიების შესახებ თავის მიუღებელ წინადადებებზე - დანია

საქართველო, თბილისი - 15:12 | 24.01.2022
ნანახია: 307

ევროკავშირი მზად არის დიალოგისთვის რუსეთის ფედერაციასთან, მაგრამ მოსკოვმა უნდა მოახდინოს დეესკალაცია და გააუქმოს თავისი მიუღებელი წინადადებები "უსაფრთხოების გარანტიების" თაობაზე. ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იეპე კოფოდმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ განაცხადა

"რუსეთის წინადადებები ცივი ომის დროინდელ განცხადებებს გვაგონებს. ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ ყველა ევროპული ქვეყნის უსაფრთხოებაზე გამჭვირვალობის საფუძველზე, შეიარაღების კონტროლსა და სხვა საკითხებზე, მაგრამ ეს უნდა მოხდეს იმ შეთანხმებების შესაბამისად, რომელსაც წარსულში თავად რუსეთმა მოაწერა ხელი", - თქვა კოფოდმა.

მისივე თქმით, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ევროკავშირის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის მზადაა.

"ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი თუ კვლავ შეიჭრება უკრაინაში, მზად ვართ ყოვლისმომცველი სანქციებისთვის, რომლის მსგავსიც აქამდე არავის უნახავს. რუსეთმა და პუტინმა უნდა იცოდნენ, რომ პროვოკაციებს და სამხედრო ძალის გამოყენებას მაღალი საფასური ექნება", - თქვა კოფოდმა.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის მიერ გავლენის სფეროს აღდგენის იდეა სრულიად მიუღებელია.

"ეს სრულიად ეწინააღმდეგება ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტურ წესრიგსა და დამოუკიდებელი სახელმწიფოების, მათ შორის უკრაინის, სუვერენიტეტის ეროვნულ პრინციპს", - დასძინა მან.

შეგახსენებთ, გასული წლის 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოქვეყნა მის მიერ შედგენილი შეთანხმების პროექტები, სადაც ნატო-სა და აშშ-ისგან უსაფრთხოების გარანტიებია მოთხოვნილი.

დოკუმენტი გამორიცხავს ნატო-ს შემდგომ გაფართოებას და მის შემადგენლობაში უკრაინის და საქართველოს მიღებას.

დოკუმენტში მოსკოვი ვაშინგტონისგან მოითხოვს, არ განათავსოს შეიარაღება და სამხედროები იქ, სადაც სხვა ქვეყნის მიერ ეს ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ იქნება აღქმული, ასევე თავი შეიკავოს თავისი ცის მიღმა მძიმე ბომბდამშენების გაშვებისა და საბრძოლო ხომალდების გაგზავნისგან იმ წყლებში, საიდანაც შესაძლებელი იქნება სხვა ქვეყნის ტერიტორიისთვის დარტყმების მიყენება.

ამის გარდა, რუსეთი ალიანსს სთავაზობს არ განათავსოს ბირთვული იარაღი აშშ-ის ფარგლებს გარეთ, აიღოს უკვე განთავსებული შეიარაღება და გაანადგუროს შესაბამისი ინფრატრუქტურა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე