შეერთებული შტატები და ნატო მზად არიან რუსეთთან მოლაპარაკებების გასაგრძელებლად

საქართველო, თბილისი - 14:22 | 15.01.2022
ნანახია: 333

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

მხარეებმა რუსეთთან ურთიერთობების კონტექსტში შემდეგი ნაბიჯები განიხილეს.

"შეერთებული შტატები და ნატო მზად არიან კვლავ შეხვდნენ რუსეთს და განაგრძონ დიპლომატია და ორმხრივი დიალოგი“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

შეერთებული შტატები და ნატო-ს მოკავშირეები გამოხატავენ ერთიანობას კონფლიქტის გადასაჭრელად დიპლომატიური გამოსავლის მიმართ და მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის დეესკალაციისთვის.

შეგახსენებთ, ამ კვირის განმავლობაში, ჟენევაში, ბრიუსელსა და ვენაში, დასავლეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. მხარეთა განცხადებით, ჯერჯერობით დიალოგს რაიმე გარღვევა არ მოჰყოლია.

ვაშინგტონმა და მისმა მოკავშირეებმა მტკიცედ უარყვეს მოსკოვის მოთხოვნები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ და მკაფიოდ განაცხადეს, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა უცვლელი დარჩება.

რუსეთი აცხადებს, რომ დასავლეთთან მოლაპარაკებები ჩიხშია შესული და მოსკოვი ამჟამად ვერ ხედავს მოლაპარაკებების გაგრძელების საფუძველს.

გუშინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მოელის, ვაშინგტონი და ნატო მის მოთხოვნებზე უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, წერილობით პასუხს მომავალ კვირას გასცემენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე