ბაიდენის ადმინისტრაციამ, უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გეგმა დაამტკიცა

საქართველო, თბილისი - 15:44 | 11.01.2022
ნანახია: 357

ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ, გასული წლის ბოლოს, უკრაინის დამატებით სამხედრო დახმარების საიდუმლო გეგმა დაამტკიცა.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია 200 მილიონი დოლარის დახმარებაზე. კერძოდ, ვაშინგტონი გეგმავს კიევს მიაწოდოს იარაღი და საბრძოლო მასალა, სამედიცინო აღჭურვილობა და რადიოლოკაციური დაზვერვის საშუალებები.

CNN-ის ცნობით, ადმინისტრაციამ უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის თაობაზე, კონგრესს მხოლოდ იანვრის დასაწყისში აცნობა. ტელეკომპანია იუწყება, რომ ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა ამის შესახებ საიდუმლო არხებით შეიტყო.

დამატებით დახმარების პაკეტი შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ჟენევაში დაგეგმილ მოლაპარაკებამდე რამდენიმე კვირით ადრე დაამტკიცა.

ამასთან, ბაიდენმა დეკემბრის ბოლოს ხელი მოაწერა აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის ოდენობით დახმარების გადაცემას ითვალისწინებს.

10 დეკემბერს ჟენევაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანმა მოლაპარაკებები გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან სერგეი რიაბკოვთან.

შეხვედრის შემდეგ, ვენდი შერმანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ დაუშვებს, ვინმე შეეწინააღმდეგოს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას.

თავის მხრივ, სერგეი რიაბკოვმა თქვა, რომ რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები არ გახდებიან.

12 იანვარს, 2019 წლის ბოლოდან პირველად, ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართება, ხოლო 14 იანვარს კონსულტაციები გაგრძელდება ვენაში, ეუთო-ს ფორმატში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე