„საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეთავაზება ჩიხიდან გამოსვლის შესაძლებლობას იძლევა“

საქართველო, თბილისი - 12:34 | 07.10.2017
ნანახია: 968

პრეზიდენტის შეთავაზება საკონსტიტუციო ცვლილებებზე ჩიხიდან გამოსვლის შესაძლებლობას იძლევა, - ამის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

NGO-ები მოუწოდებენ მმართველ გუნდს, ყურადღებით განიხილოს პრეზიდენტის შეთავაზება და მაქსიმალური ძალისხმევა და პოლიტიკური ნება გამოავლინოს შეთანხმების მისაღწევად, რაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციას წარმოადგენს და უკიდურესად მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიულად განვითარებისთვის.

"საქართველოს პრეზიდენტმა მმართველ გუნდს საკონსტიტუტციო ცვლილებებთან დაკავშირებით 4 საკითხზე შეთანხმება შესთავაზა, რაც გულისხმობს: ბონუს მანდატების გაუქმებას, ბლოკების დაშვებას, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წელს გადასვლას, პრეზიდენტის არჩევას პარლამენტის მიერ, მას შემდეგ რაც ის ორპალატიანი გახდება.

მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის აღნიშნული შეთავაზება არის გონივრული კომპრომისი და საკონსტიტუციო რეფორმის გარშემო ბოლო თვეებში არსებული ჩიხური ვითარებიდან გამოსვლის შესაძლებლობას იძლევა. შემოთავაზებული საკითხები, ძირითადად, კონცენტრირებულია საარჩევნო სისტემის გარშემო, რაც ემთხვევა არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას პოლიტიკური სპექტრის ძალისხმევა მიმართული ყოფილიყო საკონსტიტუციო რეფორმის საკვანძო საკითხზე - საარჩევნო სისტემის რეფორმაზე შეთანხმებისკენ. ამ კუთხით, პრეზიდენტის შეთავაზება მისასალმებელია და მმართველი გუნდის მხრიდან ადეკვატური საპასუხო ნაბიჯების შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო კონსესუსის მიღწევის შესაძლებლობას იძლევა.

მოვუწოდებთ მმართველ პარტიას ყურადღებით განიხილოს პრეზიდენტის შეთავაზება და მაქსიმალური ძალისხმევა და პოლიტიკური ნება გამოავლინოს შეთანხმების მისაღწევად, რაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციას წარმოადგენს და უკიდურესად მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიულად განვითარებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 
საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო 
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა 
სამოქალაქო განვითარების სააგენტო 
საქართველოს რეფორმების ასოციაცია
ადამიანის უფლებათა ცენტრი 
ლიბერალური აკადემია 
ფონდი ღია საზოგადოება 
საქართველო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე