ენმ მერიასთან აქციას მართავს - ადგილზე მობილიზებულია პოლიცია

საქართველო, თბილისი - 14:56 | 02.10.2017
ნანახია: 983

თბილისის მერიასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე საპატრულო პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებულნი.

აქციის მონაწილეები  მოითხოვენ:  "თბილისის მერიამ არ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება იმ ტერიტორიების გასხვისების თაობაზე, რომლებსაც საკრებულომ გასულ კვირას ზონის სტატუსი შეუცვალა"

აქციის შესახებ განცხადება პარტიის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა 30 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე დააანონსა: 

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებასა და მის უკან მდგარ ბიძინა ივანიშვილს, არ დავუთმობთ ბოტანიკურ ბაღს, ჩვენ არ შევეგუებით იმას, რომ 1 ლარად გადაეცეს ბიძინა ივანიშვილს ნახევარი თბილისი და არ შევარჩენთ, რომ მისი „პანორამა თბილისი“ ამახინჯებდეს თბილისის ისტორიულ ნაწილს. ჩვენ ვეუბნებით არას თბილისში გამეფებულ უკანონობას და ჩვენ ვეუბნებით არას ბიძინა ივანიშვილის თავგასულობას. ასე რომ, გელოდებით ყველას ორშაბათს, 14:00 საათზე თბილისის მერიასთან“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, საკრებულოს გადაწყვეტილების შემდეგ გასხვისების თაობაზე მერიამ უნდა მოამზადოს დოკუმენტი და დამტკიცებისთვის ისევ საკრებულოს გადაუგზავნოს.

29 სექტემბერს საკრებულოს სხდომაზე პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთისა და ასევე, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 5000 კვ მეტრი ტერიტორიისათვის ზონალური სტატუსის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღეს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე