ალეკო ელისაშვილმა თბილისის საკრებულო დატოვა

საქართველო, თბილისი - 14:53 | 02.10.2017
ნანახია: 1046

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა თბილისის საკრებულო დატოვა. 

როგორც თავად დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გადაწყვეტილების მიზეზი  საკრებულოში 29 სექტემბერს განვითარებული მოვლენებია.

ელისაშვილის თქმით, საკრებულოს დატოვების შესახებ მას განცხადება უკვე დაწერილი აქვს და საკრებულოს თავმჯდომარეს ჩააბარებს. 
მისივე განმარტებით, ამ მოწვევის საკრებულოს მუშაობის დასრულებამდე სამი კვირით ადრე მის მიერ საკრებულოს დატოვება, შეიძლება არასერიოზულად გამოიყურებოდეს, მაგრამ ეს მომხდარ მოვლენებზე რეაქციაა. 

„ეს არის ჩემი ამ შენობაში ბოლო პრესკონფერენცია. მე ვტოვებ თბილისის საკრებულოს. მე მიმაჩნია, რომ 29 სექტემბერს ამ შენობაში განვითარებული მოვლენების გამო შეუძლებელია აქ, სამსახურში სიარული, სხდომებსა და კომისიების მუშაობაში მონაწილეობა, ეს არის უბრალოდ შეურაცხმყოფელი. 29 სექტემბერს თბილისის საკრებულო იყო არა ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ხალხისა და თბილისის პრობლემებზე უნდა მსჯელობდეს, არამედ ერთი კაცის მომსახურე ნოტარიული ბიურო. დაჩქარებულად, ფაცი-ფუცით, ყოველგვარი განხილვის, მსჯელობის, არგუმენტების გარეშე, თბილისის საკრებულომ ერთ ადამიანს დაურტყა ყველაფერზე ბეჭედი და მისცა ყველაფრის ნება. ეს ძალიან შეურაცხმყოფელია. ამას დაერთო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ამაზრზენი საქციელი, როდესაც მან პოლიციური რაზმები გამოიძახა, ნაცვლად იმისა, რომ ყველაზე განსხვავებული მოსაზრების მქონე ოპონენტებისათვის ტრიბუნა დაეთმო და ამის შემდეგ მოაწყო საკრებულოს შენობაში ეგზეკუცია“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა და როგორც საკრებულოს ოპოზიციას, ასევე ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებს მოუწოდა,  მიბაძონ მის საქციელს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე