ძაღლებზე ალერგიის გამო, ქალი თვითმფრინავიდან გააძევეს (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 14:31 | 28.09.2017
ნანახია: 5859

აშშ-ში მგზავრი ავიაკომპანია Southwest Airlines-ის თვითმფრინავიდან ძალით მას შემდეგ ჩაიყვანეს, რაც მან განაცხადა, რომ ძაღლებზე ალერგია ჰქონდა, რასაც შესაძლოა მისი სიკვდილი გამოეწვია. ინციდნტის შესახებ გაზეთი LA Times-ი წერს.

როგორც ირკვევა, თვითმფრინავის ბორტზე ორი ძაღლი იმყოფებოდა, რაც 46 წლის ანილა დაულატზაიმ გააპროტესტა, ეკიპაჟს აცნობა, რომ მას ცხოველებზე ალერგია ჰქონდა და თვითმფრინავიდან მათი გაყვანა მოითხოვა.

ეკიპაჟის წევრებმა ქალს ალერგიის დამადასტურებელი ცნობა მოსთხოვეს, მაგრამ მას მსგავსი დოკუმენტი არ აღმოაჩნდა. მაშინ მგზავრს უბრძანეს, რომ თვითმფრინავი დაეტოვებინა, რაზეც მან უარი განაცხადა. შედეგად კონფლიქტში პოლიცია ჩაერია.

თვითმფრინავის ერთ-ერთმა მგზავრმა ინციდენტის ამსახველი კადრები ვიდეოკამერით გადაიღო.

ქალი პოლიციელებს ეწინააღმდეგებოდა და სთხოვდა ბორტზე დარჩენის უფლება მიეცათ, რადგან მამისთვის ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ და მასთან მიფრინავდა. მისი თქმით, პოლიციელებმა შარვალი ტანზე შემოახიეს.

ვიდეოს ავტორის თქმით, პოლიციელები ქალს აგრესიულად და უხეშად ექცეოდნენ.

LA Times-ის ინფორმაციით, დაულატზაის პოლიციასთან დაუმორჩილებლობასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში დაადანაშაულეს.  

Southwest Airlines-ის პოლიტიკის შესაბამისად, მგზავრი შესაძლოა ცხოველებისგან მოშორებით დასვან, თუ კი ის ალერგიის შესახებ ეკიპაჟს აცნობებს. ცხოველების ყოფნის შესახებ ავიაკომპანია წინასწარ ინფორმაციას არ გასცემს. მისმა წარმომადგენლებმა დაულატზაის ბოდიში უკვე მოუხადეს და შექმნილი სიტუაციის გამო მწუხარება გამოთქვეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე