საქართველომ ირანულ ავიაკომპანიას ავიაბაზარზე შემოსვლის საშუალება აშშ-ის თხოვნით არ მისცა

საქართველო, თბილისი - 18:10 | 09.10.2015
ნანახია: 1884

საქართველომ ერთ-ერთ ირანულ ავიაკომპანიას საქართველოს ბაზარზე შემოსვლის საშუალება აშშ-ის თხოვნით არ მისცა, - ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ დღეს პარლამენტში, „თავისუფალი დემოკრატების“ მთავრობის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

„ჩვენ ამერიკელ კოლეგებთან მუდმივი საუბარი გვაქვს, რომლებიც გვთხოვენ, რომ ჯერჯერობით კიდევ თავი შევიკავოთ ირანთან სრულმასშტაბიანი თანამშრომლობისთვის. არათუ სრულმასშტაბიანი, არამედ საერთოდ გახსნისთვის, სანამ ყველა ის ვალდებულება, რომელიც ვენაში შეთანხმდა, არ იქნება შესრულებული და ირანს საბოლოოდ არ მიეცემა მწვანე შუქი,“ - ამბობს დონდუა დასძენს, რომ ქართული მხარე ამერიკის თხოვნას ითვალისწინებს. თუმცა, მისივე განმარტებით, „ჩვენ ვეუბნებით ამერიკას, რომ ჩვენ ერთგული ვართ იმ პოლიტიკის, იმ სანქციების, რასაც თქვენ და ევროკავშირი აწარმოებთ ირანში, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ ჩვენი სპეციფიკაც. ირანი არის რეგიონალური სახელმწიფო, ირანი არის ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორი როგორც ეკონომიკური, ასე სხვა მხრივ. ამიტომ ჩვენ გარკვეული სამოძრაო სივრცეც გვინდა“.

სწორედ ამ საკითხზე საუბრისას დაასახელა მან ირანული ავიაკომპანიების შემთხვევა.

„არაერთხელ ყოფილა, რომ ჩვენს ამერიკელ კოლეგებს პირდაპირ მოუმართავთ რაღაცა შუამდგომლობისთვის გარკვეულ საკითხებზე. ამიტომ ვეუბნებით, რომ, როდესაც ასეთ რაღაცას გვთხოვთ, ცოტა სამოძრაო სივრცეც უნდა დაგვიტოვოთ.

„იგივე ერთ-ერთ ავიაკომპანიაზე, რომელსაც საქართველოში შემოსვლა უნდოდა, გვთხოვეს, რომ თავი შეგვეკავებინა და ჩვენ ეს გავაკეთეთ. შემდეგ მეორე კომპანიაზე გვთხოვეს, რომელიც საერთოდ არ იყო სანქციების სიაში. თუმცა, ჩვენი პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე ისე, რომ არ დაზარალებულიყო არც ევროპელ არც ამერიკელ პარტნიორებთან ურთიერთობა, ჩვენ ამ კომპანიას მოქმედების საშუალება მივეცით. ასე რომ, ამ მიმართულებით ჩვენ ვმუშაობთ,“ - ამბობს დონდუა, რომელიც ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ „ირანი მალე გამოვა იზოლაციიდან, ეს გარკვეულ გავლენას იქონიებს და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე