საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის დაკარგვაზე ალაპარაკდა

საქართველო, თბილისი - 17:53 | 09.10.2015
ნანახია: 1758

საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის დაკარგვაზე ალაპარაკდა. ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ, დღეს პარლამენტში „თავისუფალ დემოკრატებთან“ მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრაზე გააკეთა და ეს მოლოდინი ირანისთვის სანქციების მოხსნას დაუკავშირა.

მისი თქმით, ირანისთვის სანქციების მოხსნა ერთდროულად დადებითი და უარყოფითი მომენტების შემცველია და ერთ-ერთ უარყოფით ფაქტორად სწორედ საქართველოსთვის სატრანზიტო ფუნქციის დაკარგვას მიიჩნევს.

„როგორ აისახება ირანის შემოსვლა როგორც ნავთობისა და გაზის ბაზარზე, ასევე საერთოდ ირანის გახსნა. ამას აქვს პლუსები, იმიტომ, რომ ეს ერთგვარად ხელს შეუწყობს რეგიონში იგივე ეკონომიკურ აქტიობას. თუმცა, აქ ბევრი კითხვაა და ბევრი რაღაც შეიძლება იყოს დასაფიქრებელი იმიტომ, რომ მთავარი ჩვენი რაც არის, სატრანზიტო პოტენციალი, ამაში შეიძლება რაღაც კორექტივები იყოს შეტანილი,“ - ამბობს დონდუა.

ამიტომ, მისი თქმით, 1-ელ სექტემბერს გამართულა დახურული კონფერენცია, რომელზეც ინფორმაცია, მისივე განმარტებით, „პრესაშიც კი არ გასულა“ და სადაც მიწვეულები ყოფილან ის პირები, „ვისაც საიდუმლო ინფორმაციაზე აქვს დაშვება“.

„გვქონდა საუბარი იმაზე, თუ რა პროცესები მიდის ამ ქვეყანაში, რასაც უშუალოდ შესაძლოა, გავლენა ჰქონდეს საქართველოზე, ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე, ჩვენს რეგიონზე, უსაფრთხოებაზე და მათ შორის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე,” - ამბობს დუნდუა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე