სააკაშვილის მკურნალობა ისეთ ქვეყანაში უნდა მოხდეს, სადაც თავს უსაფრთხოდ იგრძნობს - ბრიტანელი ფსიქიატრი

საქართველო, თბილისი - 16:22 | 27.01.2023
ნანახია: 407

თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სასჯელის გადავადების ან მისგან სრულად გათავისუფლების შესახებ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე ბრიტანელ ფსიქიატრს, კორნელიუს კატონას კითხავენ.

ბრიტანელი ექიმი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და კოგნიტური დარღვევები აქვს, რისი შედეგიც, მისივე თქმით, იყო დემენცია. ფსიქიატრი აცხადებს, რომ სააკაშვილისთვის ფსიქოლოგიური მკურნალობა ეფექტური ვერ იქნება იმ გარემოში, სადაც ის თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს.

"მის ფსიქოლოგიურ მკურნალობას ეფექტურობა ვერ ექნება, თუ სააკაშვილი იმ გარემოში იქნება, სადაც ის თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს და პირიქით, საშიშროების არსებობას გრძნობს. სააკაშვილს აქვს დემენცია და ეს დებულება ასევე სრულ თანხმობაშია ექიმ გოლდსმიტის დასკვნებთან. მე ასევე მესმის, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი აქტით განსაზღვრულია, რომ პირები, რომელთაც დემენეცია აქვთ, ციხეში არ უნდა იყვნენ. სააკაშვილის პატიმრობა ხელის შემშლელი ფაქტორია, რომ მისი პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დემენცია ადეკვატურად ნამკურნალევი იყოს. მე ექიმ ლაჰანსა და ექიმ გოლდსმიტს ვეთანხმები, რომ მისი მკურნალობა ისეთ სამედიცინო დაწესებულებასა და ისეთ ქვეყანაში უნდა მოხდეს, სადაც თავს უსაფრთხოდ იგრძნობს," - თქვა კატონამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე