გუშინდელი მოსმენა აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, არის განაჩენი ივანიშვილის პარტიისთვის - თინა ბოკუჩავა

საქართველო, თბილისი - 12:25 | 24.07.2024
ნანახია: 1321

გუშინდელი მოსმენა აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში არის განაჩენი ივანიშვილის პარტიისთვის, - ამის შესახებ  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, აშშ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანი აისახოს საარჩევნო შედეგზე.

„გუშინდელი მოსმენა აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში არის განაჩენი ივანიშვილის პარტიისთვის, რომელსაც დემოკრატი და რესპუბლიკელი — ვიმეორებ — რესპუბლიკელი, დონალდ ტრამპის მხარდამჭერი კონგრესმენები მოიხსენიებდნენ პრორუსულ, პუტინისტ, კორუმპირებულ ვერ-შემდგარ დიქტატორად.

იქნება ეს მეგობარი აქტის ავტორი კონგრესმენი ჯო უილსონი, ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ტომას კინი თუ კონგრესის სხვა წევრები, მათ შორის რესპუბლიკელები, რომლებიც, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო სწორედ დონალდ ტრამპის მხარდამჭერები არიან, უკიდურესად მწვავედ აფასებენ ივანიშვილის მცდელობას ქართველ ხალხს წაართვას ევრო-ატლანტიკური არჩევანი. 

ივანიშვილის რუსეთთან დაახლოების და დემოკრატიული უკუსვლის პოლიტიკასთან ერთად, კონგრესის წევრებმა მწვავედ გააკრიტიკეს ივანიშვილის ხელისუფლების გადაწყვეტილება ჩინეთის სახელმწიფო კომპანიების კონსორციუმისთვის გადაეცა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.

მაშინ როდესაც სწორედ ივანიშვილის ხელისუფლებამ, პრეზიდენტი ტრამპის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს პირდაპირი გაფრთხილებების მოუხედავად, განდევნა ამერიკელი ინვესტორები და ისინი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ჩინური კომპანიებით ჩაანაცვლა.

კონგრესის წევრებმა ასევე ხაზი გაუსვეს ივანიშვილის და მისი გარემოცვის სანქცირების გაგრძელების აუცილებლობაზე, რაზეც სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ჯოშ ჰაკმა, რომელიც ცოტა ხნის წინ თან ახლდა ჯიმ ობრაიანს საქართველოში და რომელსაც მათ შორიც მეც პირადად შევხვდი განაცხადა, რომ სავიზო შეზღუდვებთან ერთად აქტიურად იხილება ფინანსური სანქციები ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ , როგორც პირების, რომლებიც ძირს უთხრიან ქართულ დემოკრატიას და ევროპულ მომავალს.

როგორც ჯოშ ჰაკმა განმარტა - არჩევანი ახლა ქართველ ხალხზეა -  26 ოქტომბერს აირჩევენ ანტი დასავლურ ივანიშვილის ხელისუფლებას, რომლის პირობებშიც საქართველოს არ აქვს ევრო-ატლანტიკური პერსპექტივა, თუ საკუთარი არჩევანით გადაარჩენენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს.

ამერიკის შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს, მათ შორის გრძელვადიანი დამკვირვებლების გამოგზავნით საქართველოში,  იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ნება და თავისუფალი არჩევანი აისახოს საარჩევნო შედეგზე, მაგრამ მთავარი საქმე ჩვენი გასაკეთებელია - საქართველოს მოქალაქეების, რომლებმაც შეუპოვარი ერთიანობით უნდა შევცვალოთ ივანიშვილის პრორუსული, ანტიდასავლური ხელისუფლება და დავიბრუნოთ ევრო ატლანტიკური პერსპექტივა. ჩვენი ერთიანობით და თანმიმდევრულობით, მჯერა, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის არჩევანი სწორედ ეს იქნება.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე