ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ავღანეთში დაღუპული ვასილ ყულჯანიშვილის პანაშვიდს დაესწრო

საქართველო, თბილისი - 15:27 | 29.09.2015
ნანახია: 2052

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დღეს რუსთავში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, ავღანეთში დაღუპული ვასილ ყულჯანიშვილის პანაშვიდს დაესწრო და  მიუსამძიმრა მისი ოჯახის წევრებს. 

„ვიზიარებ ოჯახის, ახლობლების, სრულიად საქართველოს გულისტკივილს და მწუხარებას, მაგრამ ერთი უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ასეთი ბიჭების მხრებმა და სისხლმა მოიტანა დღემდე საქართველო. და როგორც საქართველოა მარადიული, ასევე უკვდავები არიან  გარდაცვლილი ჯარისკაცები, რომლებიც საქართველოს ერთიანობას და მსოფლიოში მშვიდობას შეეწირნენ,“ - განაცხადა ნოდარ ხადურმა. 

21 წლის რუსთაველი სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი ავღანეთში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესრულების დროს, სამოქმედო არეალში პატრულირებისას, მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 22 სექტემბერს დაიღუპა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე