საგარეჯოსა და მარტვილში შუალედური არჩევნები ტარდება

საქართველო, თბილისი - 11:08 | 31.10.2015
ნანახია: 1769

საგარეჯოსა და მარტვილში დღეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება. პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარობისთვის საგარეჯოში "პატრიოტთა ალიანსიდან" ირმა ინაშვილი, "ქართული ოცნებიდან" თამარ ხიდაშელი, ასევე, საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატები – ზურაბ ჯორბენაძე, მიხეილ ანდღულაძე და გიორგი დავითაია იბრძოლებენ. მარტვილში კი მხოლოდ ორი კანდიდატია რეგისტრირებული, კერძოდ, "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ეთერ მეძველია და "ქართული ოცნების" წარმომადგენელი სოსო დანელია. ცესკო-ს ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის 08:00 საათიდან გახსნილია და ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ცესკო-ს სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით,დღეს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები საგარეჯოსა და მარტვილის ოლქებში იმართება, ხოლო საკრებულოს შუალედური არჩევნები დმანისის, ვანის, ხობის და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში.
ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ საზოგადოებას შეახსენა, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის შენობაში აგიტაცია იკრძალება.
"ასევე, აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, კანონით იკრძალება კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება," - განაცხადა მიქელაძემ და ამომრჩევლებს კენჭისყრაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
მისივე თქმით, მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კონტაქტ-ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერია - 2 51 00 51, ასევე, ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი (www.cesko.ge).

გარდა პარლამენტის შუალედური არჩევნებისა, დღევე დმანისის, ვანის, ხობისა და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარული სისტემით საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება.საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 31 ოქტომბერს 08:30 საათიდან საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს. 07:00 საათიდან მუშაობს როგორც კომისიის კონტაქტ-ცენტრი (2 51 00 51), ისე ონლაინ-ჩატი და ონლაინ ოპერატორი.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე