პრეზიდენტი: ენერგოდივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ მივუსადაგოთ ეს საკითხი ქართულ რეალობას

საქართველო, თბილისი - 16:26 | 29.10.2015
ნანახია: 1964

თუ დივერსიფიკაციაზეა საუბარი, არსებობს მისი ძალიან საინტერესო შესაძლებლობები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დიპლომატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, '"გაზპრომთან"'დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე კომენტირებისას განაცხადა.მისივე განმარტებით, პირადად ის ინტენსიურად ურთიერთობს თურქმენ, ყირგიზ და ევროპელ პარტნიორებთან.

 "ზოგადი აქსიომა ვიცით, რომ ენერგოდივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ მივუსადაგოთ ეს საკითხი ქართულ რეალობას და დავინახავთ რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტს. საქართველო არა უბრალოდ ენერგიის შემსყიდველი ქვეყანაა, არამედ საქართველო არის მისი გამტარებელი - ტრანზიტის ქვეყანაც.

ტრანზიტის მიმართულება ძალიან ნათლადაა ჩამოყალიბებული კასპიიდან შავი ზღვისა და კასპიიდან ევროპისკენ. ასე რომ, ჩვენი ენერგოუსაფრთხოება თვისობრივად ამ ჭრილში განიხილება. დივერსიფიკაციის საკითხი დღესაც არ არის მომწოდებელზე მიბმული - ჩვენ იცით, რომ გვაქვს ჩრილოეთ-სამხრეთიდან სომხეთით გამავალი მილსადენიდან ტრანზიტის ნაწილი, რომელიც რჩება ქვეყანას, ხოლო აღმოსავლეთიდან-დასავლეთით მიმავალ ამ ენერგოგზაზე არ არის მხოლოდ ერთი მომწოდებელი, არამედ რამდენიმე. მაგრამ, თუ ჩვენ ვფიქრობთ მომავალ დივერსიფიკაციაზე, ისიც, ჩემი აზრით, თანხვედრი უნდა იყოს იმ გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული კურსისა, რომელსაც ქვეყანა ავითარებს. ამ თვალსაზრისით, მე ძალიან ინტენსიურად ვურთიერთობ ჩვენ თურქმენ პარტნიორებთან და ევროპელ პარტნიორებთანაც. ჩვენ გვაქვს ინტენსიური თანამშრომლობა ყირგიზებთანაც, ასე, რომ თუ დივერსიფიკაციაზეა საუბარი, არსებობს ძალიან საინტერესო დივერსიფიკაციის შესაძლებლობები, დივერსიფიკაციისა მოწოდების თვალსაზრისით, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს სატრანზიტო როლს და მეტიც, დაცულობას. ასე, რომ მე ენერგოპოლიტიკის დეტალებში არ შევალ, მაგრამ ეს ვექტორი უკვე განსაზღვრულია და ამ ვექტორის პარალელურად არსებობს მზარდი შესაძლებლობები იგივე დივერსიფიკაციის მიმართულებით. ეს ვექტორი არის აღმოსავლეთ-დასავლეთი ვექტორი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე