"ნუ შევაფასებთ ვითარებას, თითქოს, საქართველოში დემოკრატიული პროცესები უკვე დანგრეულია", - გიორგი მარგველაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:28 | 29.10.2015
ნანახია: 1774

რუსთვი 2-თან და მედიათავისუფლებასთან დაკავშირებით კითხვები დღეს პრეზიდენტს დაუსვეს. გიორგი მარგველაშვილმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, რომელსაც დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლები დაესწრნენ.

ნატოს კვირეულის ფარგლებში ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებულ შეხვედრაზე პრეზიდენტი სიტყვითაც გამოვიდა და აქცენტი დემოკრატიულ ღირებულებებზე გააკეთა. ამის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

"ნუ შევაფასებთ ვითარებას, თითქოს, საქართველოში დემოკრატიული პროცესები უკვე დანგრეულია. გასაგებია, რომ არის უკმაყოფილება, ემოციები. ეს ემოციები, პოლარიზებულია, არის გადაცდომებით. მაგრამ, არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავკარგეთ ერთიანი სივრცე დისკუსიის, ურთიერთობის," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე განმარტებით, საქართველოში არჩევნების მეშვეობით შეიცვალა ხელისუფლება, მოვიდა ახალი ხელისუფლება, მაგრამ, თანხმობა დასავლური საზოგადოების შენებაზე ამ არჩევნებით მოსულ პარლამენტში ერთმნიშვნელოვნად იქნა დადგენილი და სხვა პოზიცია ჩვენ არც ვიცით.

"თუ ერთი რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი, პროდასავლურიც რომ იყოს, იტყვის, რომ მეორე პოლიტიკურ ჯგუფს არ აქვს არსებობის უფლება, ჩათვალეთ, რომ იმ მომენტიდან იწყება ევროპული ღირებულებების ნგრევაც და ჩვენი დასავლეთზე ორიენტაციის რღვევაც, რადგან, ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ მეორე პოლიტიკურ ჯგუფს, მეორე ადამიანს, მეორე სოციალურ ჯგუფს შეიძლება ქონდეს პრობლემები და ეს პრობლემები გადალახვადია ერთიანი დიალოგის შიგნით," - განმარტა გიორგი მარგველაშვილმა.  

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე