ღარიბაშვილი: ხელისუფლების ინტერესებშია, რაც შეიძლება მეტი მედიასაშუალება გაიხსნას
საქართველო, თბილისი - 16:36 | 28.10.2015 ნანახია: 1856ნუ შფოთავს ნურავინ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - გარეთ, რომ რაიმე შეფერხებას და ბარიერებს შევუქმნით რომელიმე არხს, მით უმეტეს, რომ მედიაგარემოს რაიმე ფორმით დავაზიანებთ, პირიქით, ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად თავისუფალი მედიაგარემო ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლების დემოკრატიული რეფორმების შედეგად, დღეს საქართველოში ახალი ტელევიზიის გახსნა 10 დღეში არის შესაძლებელი, რომელსაც შეუძლია, სამ დღეში დაიწყოს მაუწყებლობა საქართველოს მასშტაბით, როგორც ციფრული მაუწყებლობის, ისე სატელიტის მეშვეობით ან საკაბელო ტელევიზიით.
„სამი წლის წინ არათუ ათ დღეში, 10 წელიწადში ვერავინ შეძლებდა ტელევიზიის გახსნას და ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმების შედეგად, დღეს, 10 დღეში შეიძლება გაიხსნას ნებისმიერი არხი. მედიაგარემოს თავისუფლების კუთხით, ჩვენ ვართ ლიდერები მთელს ფართო რეგიონში და ამას ადასტურებს ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები. საქართველოში უფრო მარტივად და სწრაფად შეგიძლია გახსნა ტელევიზია, ვიდრე - საფრანგეთში, გერმანიაში ან აშშ-ში. მედიაგარემოს თავისუფლებასა და მედიასაშუალების შექმნის სიმარტივეზე ისიც მეტყველებს, რომ ქვეყნის მასშტაბით 300-მდე მედიასაშუალება ფუნქციონირებს და მათ არავითარი შეფერხება არ აქვთ ხელისუფლებისგან, პირიქით, მაქსიმალური ხელშეწყობა - აბსოლუტურად ლიბერალური კანონმდებლობა, რომელიც ჩვენ შევქმენით. მათგან 130-მდე ავტორიზებული ტელემაუწყებელია, 35 - ღია საეთერო მაუწყებელი, ასობით სააგენტო და გაზეთი. ამიტომ, მე ვერ გავიზიარებ მოსაზრებას, რომ ხელისუფლება რაიმე ფორმით დგას „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული პროცესების უკან. რომელ ხელისუფალს შეიძლება აწყობდეს სამი წლის თავზე ამგვარი ქმედების განხორციელება, ვერც ერთი სარად მოაზროვნე ადამიანი ამაში რაციონალურ აზრს ვერ დაინახავს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების ინტერესებშია, რაც შეიძლება მეტი მედიასაშუალება გაიხსნას, რათა მოსახლეობამ მიიღოს მეტი ინფორმაცია და გაიგოს სიმართლე.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რათა საქართველოში არასოდეს შეიზღუდოს მედიასაშუალებების ფუნქციონირება, იმის მიუხედავად, ეთანხმება თუ არა მის სარედაქციო პოლიტიკას.
„მოგვწონს თუ არა რომელიმე სიუჟეტი, ეს მეასეხარისხოვანია. მეც და მთავრობის წევრებსაც არაერთხელ გამოგვითქვამს კრიტიკა ამა თუ იმ ტელევიზიის მუშაობასთან დაკავშირებით, ეს ნორმალური, ჯანსაღი დემოკრატიის დამახასიათებელი პროცესია, მაგრამ თუ ეს კრიტიკული აზრი გარდაისახება ქმედებაში, ეს საგანგაშოა. დამისახელოს რომელიმე ქართველმა ან უცხოელმა, როდის გარდაისახა ჩვენი კრიტიკული აზრი შესაბამის ქმედებაში მედიასაშუალებებთან ან არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებაში?! საქართველოში ჩვენ უზრუნველვყავით აბსოლუტურად თავისუფალი გარემო მედიასაშუელებებისთვის, სამოქალაქო სექტორისთვის და ყველასთვის. დღეს ყველა მოქალაქე, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, აბსოლუტურად თავისუფალია. ნებისმიერი არხი, იქნება ეს „რუსთავი 2“, „მაესტრო“ თუ „იმედი“, იმუშავებს ყოველთვის და ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ რომელიმე არხი ხელოვნურად დაიხუროს, თუმცა უნდა გავმიჯნოთ სამართლებრივი დავა“, - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ყველა ადამიანს, რომელიც თვლის, რომ მისი უფლებები დაირღვა, უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს.
მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქიბარ ხალვაშმა სამი წლის განმავლობაში არაერთხელ მიმართა პროკურატურას, დაწყებულიყო გამოძიება ძალდატანებით „რუსთავი 2“-ის დათმობასთან დაკავშირებით, თუმცა პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია, რადგან ხელისუფლებას ესმის მედიასაშუალებებთან დაკავშირებული საკითხის სენსიტიურობა და პრინციპული პოზიცია აქვს, რომ არასოდეს ჩაერიოს მედიის საქმიანობაში.
„ამიტომ, ვერ მივიღებთ კრიტიკას, რომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ პროცესებში ჩვენი მთავრობა რაიმე ფორმით ჩართულია. სასამართლოს უნდა მიეცეს საშუალება, თავისუფალ გარემოში მიიღოს დამოუკიდებელი და ობიექტური გადაწყვეტილება. ყველა ვალდებულია, განურჩევლად თანამდებობისა თუ პრივილეგიებისა, დაემორჩილოს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, მოსწონს თუ არა ის. მინდა, ყველას მოვუწოდო, პოლიტიკოსებს, პრეზიდენტს, პარლამენტს, მთავრობას, ძალიან გთხოვთ, სასამართლოსთან მიმართებაში ყველანი ვიყოთ კორექტულები. როგორ შეიძლება, მოსამართლეს მოუწოდო, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს. ეს არ არის ჩვენი საქმე. ეს არის დამოუკიდებელი და ობიექტური სასამართლოს საქმე და მოსამართლის გადაწყვეტილება. ჩვენ მზად ვართ, უზრუნველვყოთ აბსოლუტურად თავისუფალი გარემო ყველა ძალისთვის, მაგრამ ყველანი უნდა ვიყოთ თანაბარნი კანონის წინაშე“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლებისთვის ძალიან ფასეულია უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორების განცხადებები, თუმცა დაუმსახურებელი კრიტიკა მიუღებელია, რადგან ხელისუფლება მოწოდებულია, კიდევ უფრო გააუმჯობესოს მიღწევები, რომელიც აქვს სამი წლის თავზე.
„სკეპტიკოსებს, რომლებმაც ვერ დააფასეს დემოკრატიული ფასეულობები, რომელიც ჩვენ შევქმენით, მინდა შევახსენო, რომ 2007 წელს „იმედი“დაარბიეს, ჟურნალისტებს სცემეს, „იმედი“ დაიპყრეს და ამის შემდეგ თავად მართავდნენ მას 2012 წლის ოქტომბრამდე. ესეც არც თუ ისე შორეული წარსულია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პოლიტიკა
- თბილისში, ევროკავშირის ელჩი, ვიღაც ჰერჩინსკი აბობოქრდა - გრიგორი კარასინი
- საქართველო სამხრეთ კავკასიაში პროდასავლურ საყრდენად აღიქმებოდა, რომელსაც ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობა სურდა, თუმცა, ბოლო ქმედებების შედეგად, საქართველოს მთავრობა, ღიად ანტიდასავლური გახდა - ჰელსინკის კომისია
- თითოეული ქართველის გადასაწყვეტია, როგორი მომავალი სურთ საკუთარი ქვეყნისთვის, გთხოვთ, წადით და მიეცით ხმა - პაველ ჰერჩინსკი
- წინა ხელისუფლების დროს არ არსებობდა მყარი სოციალური გარანტიები ვეტერანებისთვის, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
- რუსთაველი - მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გაიხსნა
- სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
- „თეგეტა ჰოლდინგის“ 2 თანამშრომელი Forbes 30 UNDER 30-ის გამარჯვებულია
- საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, ევროპის საფოსტო ასოციაციის PostEurop-ის გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს
სამართალი
- თბილისის რამდენიმე ღამის კლუბში სპეცოპერაცია ჩატარდა - დაკავებულია 14 პირი
- კესარია აბრამიძე მოკლეს
- მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს
- ქარელში 28 წლის კაცს ხელები თოკით შეუკრეს და გაგუდეს- დაკავებულია 2 პირი
კონფლიქტები
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ბიზნესი
- VARTA - საიმედო, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა აკუმულატორები „თეგეტა მოტორსისგან“
- "ვოლვო ქარ საქართველოს" მექანიკოსი საერთაშორისო კონკურსის - Vista Competition 2024-ის გამარჯვებულია
- სუპერქარი Lamborghini უკვე Tegeta Cars-ის პორტფელშია
- Tegeta cars საქართველოში Bentley-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა