საქართველოს პრეზიდენტი სამხრეთ კავკასიაში NATO-ს სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის შეხვდა

საქართველო, თბილისი - 20:07 | 26.10.2015
ნანახია: 1715

 საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამხრეთ კავკასიაში NATO-ს სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის შეხვდა.

მხარეებმა შეხვედრისას საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესზე და იმ დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრეს, რომელსაც საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა,  ახორციელებს.

შეხვედრისას განიხილეს NATO-ს მინისტერიალის და მომავალ წელს დაგეგმილი NATO-ს სამიტისათვის მზადების კონკრეტული საკითხები, ასევე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები და ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები.

სამხრეთ კავკასიაში NATO-ს სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, პრეზიდენტთან საუბარი შეეხო ქვეყანაში ღია და მშვიდი პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას.

„ვისაუბრეთ ასევე, ქვეყანაში სასამართლოსა და მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზე. ეს არის ის ღირებულებები, რომელსაც NATO-სათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. პრეზიდენტი და ყველა ვისთანაც მქონდა დღეს შეხვედრა თანხმდება ამ საკითხების მნიშვნელობაზე.

საკმაოდ ვრცელი დისკუსია გვქონდა საშინაო ურთიერთობების შესახებ.

განვიხილეთ NATO-სა და საქართველოს ურთიერთობები  და ის შესაძლებლობები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს დაახლოებას NATO-სთან.

დისკუსია შეეხო ასევე, იმ განსხვავებულ იდეებს, რომლებიც უზრუნველყოფენ „მეტ NATO-ს“  საქართველოში. 

შეხვედრა ძალიან კონსტრუქციული იყო და მე მოუთმენლად ველი ჩემს შემდეგ ვიზიტს ამ არაჩვეულებრივ ოფისში“ , - განაცხადა სამხრეთ კავკასიაში NATO-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე