დიმიტრი ქუმსიშვილი: „მთავრობისთვის ბიზნესსექტორისა და ინვესტიციების ხელშეწყობაზე ზრუნვა უმთავრესი ამოცანაა“

საქართველო, თბილისი - 13:23 | 26.10.2015
ნანახია: 1812

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი დღეს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს (EUGBC) წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ერთად მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილა. მინისტრმა საბჭოს წევრებს სამინისტროს სამწლიანი მუშაობის მნიშვნელოვანი შედეგები გააცნო და მათი მოსაზრებები მოისმინა. საუბარი შეეხო ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებს, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ბიზნეს-ფორუმების მზადების პროცესს. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მთავრობისთვის ბიზნესსექტორისა და ინვესტიციების ხელშეწყობაზე ზრუნვა ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა.

„კერძო სექტორთან გახსნილი ურთიერთობა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, რადგან დისკუსიების დროს შესაძლებელია ძალიან ბევრი საჭირბოროტო საკითხის განხილვაც და შემდგომში გადაწყვეტაც. მე მაქვს სურვილი, რომ ასოციაციის წევრებს მივაწოდო ინფორმაცია, თუ რა მიღწევები გვაქვს ამ სამი წლის განმავლობაში, ასევე რა მდგომარეობა გვაქვს დღეს ეკონომიკაში და მოვისმინო მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ასეთი შეხვედრები არის და იქნება რეგულარული. „ამ ორი თვის განმავლობაში, რაც მინისტრის პოსტზე დავინიშნე, პრაქტიკულად, ყველა ბიზნესასოციაციასთან მქონდა შეხვედრა, კიდევ მაქვს ჩანიშნული არაერთი ასეთი შეხვედრა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მთავრობისთვის ბიზნესსექტორისა და ინვესტიციების ხელშეწყობაზე ზრუნვა არის უმთავრესი გამოწვევა და უმთავრესი ამოცანა“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მინისტრთან გამართულ შეხვედრას, რომელიც „თიბისი ბანკის“ სათაო ოფისში გაიმართა,  ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე, „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე, „მაგთიკომის“ პრეზიდენტი დევიდ ლი, „ჰაიდელბერგცემენტის“ გენერალური დირექტორი მიხაილ ჰამპელი, BP-ის რეგიონალური მენეჯერი კრის შლუეტერი, ასევე საბჭოს წევრი სხვა კომპანიების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე