კიევში „თბილისობა“ აღინიშნა

საქართველო, თბილისი - 15:18 | 07.10.2015
ნანახია: 1874

კიევის ცენტრში, ანდრეევსკის დაღმართზე, „თბილისობა“ გაიმართა, რომელსაც 35 ათასზე მეტი სტუმარი დაესწრო. ღონისძიება ოფიციალურად გახსნეს ქ. კიევის მერიის კულტურის დეპარტამენტის უფროსმა დიანა პოპოვამ და უკრაინაში საქართველოს ელჩმა მიხეილ უკლებამ.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა სახის კულტურული და გასართობი ღონისძიებები: კონკურსები, ვიქტორინები, ფოტოგამოფენა სახელწოდებით „ძველი თბილისი“, ინტერაქტიული ინსტალაცია „თბილისის ეზო“, ლიტერატურული საღამო ივანე კავალერიძის მუზეუმში.
დამსწრეთათვის კონცერტი გამართა ცნობილმა მუსიკალურმა კოლექტივმა „თეატრალური კვარტეტი“. საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობა აგრეთვე მიიღეს უკრაინის ქართველთა ასოციაციის „იბერიელი“ შემოქმედებითმა კოლექტივმა, უკრაინის დამსახურებულმა მუსიკალურმა ანსამბლმა „გორლიცა-არტ“, ცნობილმა უკრაინულმა მუსიკალურმა ჯგუფმა „ვროდა“, სერგეი გლადირმა, შმაგი თეგიაშვილმა, ანიკო დოლიძემ და სხვებმა. „თბილისობაში“ მონაწილეობა მიიღეს ქართული ღვინისა და მინერალური წყლების კომპანიებმა და 20-მდე ქართულმა რესტორანმა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ფართოდ გააშუქა უკრაინის მასმედიამ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე