„მრავალეროვანი საქართველო“ 31 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებს დააკვირდება

საქართველო, თბილისი - 12:20 | 07.10.2015
ნანახია: 1850

საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ (PMMG) 2015 წლის 31 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებს დააკვირდება. ორგანიზაცია დამკვირვებლად ცესკოში უკვე დარეგისტრირდა.

„მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლები დმანისში საკრებულოს შუალედურ არჩევნებს ოთხ უბანზე დააკვირდებიან. ორგანიზაციას დამკვირვებლები ეყოლება საპარლამენტო შუალედურ არჩევნებზე საგარეჯოშიც. „მრავალეროვანი საქართველოს“ სადამკვირვებლო მისია ძირითადად იმ დასახლებული პუნქტების უბნებს მოიცავს, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ცხოვრობენ. ამის გათვალისწინებით, ორგანიზაცია გეგმავს, რომ საგარეჯოში საარჩევნო პროცესს სულ მცირე 12 უბანზე გაუწიოს მონიტორინგი.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2002 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 24 676 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ცხოვრობს,აქედან ყველაზე მეტი, 23 918 ეთნიკური აზერბაიჯანელია. დმანისის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა 28 ათას კაცს შეადგენს, აქედან 66,7 %-ს ეთნიკური აზერბაიჯანელები წარმოადგენენ.

“მრავალეროვანი საქართველო” 2003 წლიდან ჩართულია ქვეყანაში არჩევნების გამჭვირვალობისა და საარჩევნო პროცედურების ეფექტიანად განხორციელების უზრუნველყოფის საქმეში. ორგანიზაცია მონიტორინგს უწევდა საქართველოში გამართულ ყველა ტიპის არჩევნებს, მათ შორის, აჭარასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონში.

„მრავალეროვანი საქართველო“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს 17 მუნიციპალიტეტში- 428 ხოლო 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 18 მუნიციპალიტეტში 437 დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდებოდა, მედიასაშუალებებით მთელი დღის განმავლობაში აქტიურად ავრცელებდა ინფორმაციას საარჩევნო უბნების გახსნის, კენჭისყრის დღის მიმდინარეობის, საარჩევნო უბნების დახურვისა და ხმის დათვლის პროცედურის დროს დაფიქსირებული დარღვევებისა და ხარვეზების შესახებ.გარდა შუალედური არჩევნებისა, „მრავალეროვანი საქართველო“ გეგმავს მონიტორინგი გაუწიოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც, რომელზეც 500-მდე დამკვირვებლით იქნება წარმოდგენილი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე