საქართველოს გერმანიის ბუნდესთაგის დელეგაცია ეწვევა

საქართველო, თბილისი - 12:20 | 06.10.2015
ნანახია: 2438

საქართველოს გერმანიის ბუნდესთაგის დელეგაცია ეწვევა. საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, დელეგაცია, რომელსაც გერმანიის ბუნდესთაგის წევრი, პროფესორი მათიას ციმერი (CDU/CSU) ხელმძღვანელობს, თბილისში 7-9 ოქტომბერს ჩამოვა. ვიზიტის მიზანს გერმანიის ბუნდესთაგის „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის” (IPS) პროგრამაში მონაწილეთა შერჩევა წარმოადგენს.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია თბილისში შეხვდება პოლიტიკის, ეკონომიკისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებს. ასევე დაგეგმილია შეხვედრა პროგრამის ყოფილ სტიპენდიატებთან არსებული კონტაქტების შენარჩუნების მიზნით.

როგორც ცნობილია, საქართველოში IPS-ის ყოფილი სტიპენდიატები გაერთიანდნენ კავშირში, რომლის მიზანია სხვა სტიპენდიატებთან ერთად კულტურათა შორის დიალოგის შენარჩუნება და საერთაშორისო ქსელის შექმნა.

აღნიშნული სტიპენდიის ფარგლებში, მსოფლიოს 41 ქვეყნიდან 120 სტიპენდიატს 2016 წლის პირველი მარტიდან 31 ივლისამდე შესაძლებლობა ექნება, გერმანიის ბუნდესთაგის მიერ სრულად დაფინანსებული სტიპენდიის ფარგლებში გაეცნოს გერმანიის საპარლამენტო სისტემას გერმანიის ბუნდესთაგში. პროგრამის მიზანია, სტიპენდიატებისათვის თვალსაჩინო გახადოს პოლიტიკური ცხოვრება და დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესი. სტიპენდიატები სამი თვის განმავლობაში იმუშავებენ ბუნდესთაგის ერთ-ერთი დეპუტატის ბიუროში და პარალელურად შეძლებენ ბერლინის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ლექციებზე დასწრებას.

პროგრამას პატრონაჟს უწევს გერმანიის პარლამენტის თავმჯდომარე და ის ბერლინის სამ უნივერსიტეტთან ერთად ხორციელდება. გერმანიის ბუნდესთაგი გაიღებს ასევე მგზავრობის, ბინის,  დაზღვევისა და ყოველთვიური სტიპენდიის ხარჯებს.

ყოველი წლის დეკემბრიდან გერმანიის საელჩოში შესაძლებელია ინფორმაციის მიღება IPS-ის საგანაცხადო საბუთების შესახებ. დაწვრილებითი ინფორმაციის ხილვა პროგრამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ შემდეგ ვებ-გვერდზე: http://www.bundestag.de/ips

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე