უზენაეს სასამართლოში მოქალაქეთათვის სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნის თაობაზე იმსჯელეს

საქართველო, თბილისი - 15:55 | 03.10.2015
ნანახია: 2102

უზენაეს სასამართლოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მოსამართლეებმა განიხილეს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე, სოციალურად დაუცველი პირებისათვის, სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნის საკითხები. მონაწილეებს სიტყვით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ, და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, მელიტონ ბენიძემ, მიმართეს.

 შეხვედრის ფარგლებში, მოსამართლეებმა იმსჯელებენ იმაზე, თუ როგორ უნდა განისაზღვროს საქმეების სირთულე და მნიშვნელობა, რათა, ამ კრიტერიუმის გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, ადვოკატის გარეშე წარმოდგენილ გადახდისუუნარო პირებს – დამცველი სახელმწიფოს ხარჯზე დაენიშნოთ. საკითხის განსახილველად, პრაქტიკაში დაგროვილი ხარვეზების თაობაზე მოხსენებით იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე, ირაკლი შონია, წარდგა.

 მოსამართლეებს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნის შესაძლებლობა 2015 წლის 15 აპრილიდან მიეცათ, მას შემდეგ, რაც „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები ამოქმედდა და იურიდიული დახმარების სამსახურს, გადახდიუუნარო პირებისათვის, უფასო საადვოკატო მომსახურების გაწევა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის გარკვეულ საქმეებზე დაევალა.

 აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, უფასო საადვოკატო მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელი გახდა საოჯახო და სამემკვიდრეო დავებზე, ასევე სოციალური დაცვის საკითხებზე. სერვისის მისაღებად მოქალაქე უნდა აკმაყოფილებდეს ორ პირობას: უნდა იყოს განსაზღვრული ქულების მქონე სოციალურად დაუცველი პირი, ხოლო განსახილველი საქმე – რთული და მნიშვნელოვანი. ამ კრიტერიუმების საფუძველზე, ადვოკატის დანიშვნის უფლება მიეცა როგორც სასამართლოს, ასევე იურიდიული დახმარების ბიუროს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე