ავღანეთში დაღუპული ქართველი გმირი სამხედრო პატივით დაკრძალეს

საქართველო, თბილისი - 19:04 | 29.09.2015
ნანახია: 2128

ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულებისას დაღუპული პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი სამხედრო პატივით დღეს დაკრძალეს. სამგლოვიარო ცერემონიალი ქალაქ რუსთავში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გაიმართა. გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცი ტაძრიდან რუსთავის სასაფლაოზე სამხედრო პოლიციის ესკორტით მიასვენეს. ქართველი გმირი სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ შესრულებული საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე მიაბარეს მიწას. ვასილ ყულჯანიშვილის ხსოვნას ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულმა საგანგებო ზალპით მიაგო პატივი.

ქართველ გმირთან გამოსამშვიდობებლად რუსთავში საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები, IV მექანიზირებული ბრიგადის პირადი შემადგენლობა და მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ ვასილ ყულჯანიშვილის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და თანადგომა აღუთქვა: „ჩვენთვის დიდი ტრაგედიაა ყველა ადამიანის გარდაცვალება, განსაკუთრებით 21 წლის ბიჭის... პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო, ჩავეხუტო მისი ოჯახის წევრებს, მის დედას, ქალბატონ ხათუნას და მის ძმას, რადგან ნებისმიერი ოჯახისთვის ეს არის ყველაზე მძიმე, რაც შეიძლება შეემთხვეს“.

„ყოველი ადამიანის, ყოველი სამხედროს დაღუპვა უდიდესი დანაკარგია ქვეყნისთვის. მაგრამ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის ფუჭად გაღებული დანაკარგი. თითოეული ჩვენგანი უნდა ამაყობდეს ამ ადამიანებით, სამხედროებით, ისინი იცავენ არამარტო საერთაშორისო მშვიდობას, არამედ ჩვენ ინტერესებს იქ, ავღანეთში“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ. 

დაღუპული სამხედროს გმირობასა და სამშვიდობო მისიის მნიშვნელობაზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ: „ამაყები ვართ, რომ ასეთი გმირები გვყავს. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენ მიერ გაღებული მსხვერპლი უკვე ძალიან დიდია. მაგრამ, მჯერა ისევე, როგორც ამ ბიჭებს, რომ  ვემსახურებით საქართველოს; ისინი  საქართველოს თავისუფლებას და უსაფრთხოებას შეეწირნენ. თანამედროვე მსოფლიოში აუცილებელია საერთაშორისო პროცესებში აქტიური მონაწილეობა იმისთვის, რომ არ დავრჩეთ მარტო მტერთან, რომელიც გვყავს“.

„ძალიან სამწუხაროა. მაგრამ ვფიქრობ, საქართველო ყოველთვის იდგება მოწოდების სიმაღლეზე, ვიდრე ასეთი ახალგაზრდები, ასეთი ვაჟკაცები გაიზრდებიან ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ.

ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროსთვის პატივის მისაგებად რუსთავში  აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი  მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.  მან ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხის სახელით მიუსამძიმრა და მსოფლიო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

„ამერიკელი ხალხის სახელით, მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო. საქართველომ ერთ-ერთი ყველაზე მამაცი და გამორჩეული შვილი დაკარგა. ვასილი ავღანეთში იმ მიზნით იყო, რა მიზნითაც ჩვენ ვიმყოფებით იქ.  ვიცავთ საერთო ღირებულებებს. ვუსამძიმრებ  ვასილის ოჯახსა და ქართველ ხალხს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ მწუხარების დროს ამერიკის შეერთებული შტატები თქვენ გვერდითაა“, - განაცხადა იან კელიმ.

IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი  ვასილ ყულჯანიშვილი ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულების დროს პატრულირებისას სასიკვდილოდ დაიჭრა და ადგილზე გარდაიცვალა. ქართველი სამხედროს ცხედარი საქართველოში ბაგრამის საავიაციო ბაზიდან, აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, სპეციალური  რეისით გადმოასვენეს. დაღუპული ჯარისკაცი აეროპორტიდან საკუთარ სახლში სამხედრო პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ესკორტმა გააცილა. ვასილ ყულჯანიშვილი 1994 წლის 8 აგვისტოს დაიბადა. იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონში 2013 წლიდან მსახურობდა.

ჯარისკაცის ოჯახს საქართველოს მთავრობა კანონით განსაზღვრულ 100 ათას ლარს გამოუყოფს, დაკრძალვის ხარჯები კი თავდაცვის სამინისტრომ სრულად დაფარა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე