ჩვენ გვინდა აშშ-ის მუდმივი ყოფნა საქართველოში - დავით ზალკალიანი

საქართველო, თბილისი - 20:20 | 17.11.2020
ნანახია: 347

ჩვენ გვინდა აშშ-ის მუდმივი ყოფნა საქართველოში. განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს დახვედრისას..

"ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია დროის თვალსაზრისით, ასევე, იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც რეგიონშია შექმნილი. მხედველობაში მაქვს ის ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარება და გამოწვევები, რომლის წინაშე დგას არამხოლოდ საქართველო, არამედ რეგიონი.

ამ ვიზიტზე დიდი ხანია ვმუშაობდით, მაგრამ ძალიან კარგია, რომ ზუსტად ამ პერიოდს დაემთხვა. თავად ის ფაქტი, რომ ვიზიტი შედგა, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე რეგიონისთვის და კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს აშშ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას. ფაქტია, რომ საქართველო რეგიონში ამერიკისთვის ყველაზე ახლო მოკავშირეა, საქართველო არის აშშ-ს ყველაზე ძლიერი დასაყრდენი.

ყველა თანხმდება, როგორც საქართველო, ისე ამერიკული მხარე, რომ როგორც არასდროს, ისეთ მაღალ ნიშნულზეა ეს სტრატეგიული ურთიერთობა ყველა მიმართულებით, მათ შორის, თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება, ხალხთა შორის ურთიერთობა.

ჩვენ გვინდა კიდევ უფრო მეტად დაახლოვება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენ გვინდა აშშ-ის მუდმივი ყოფნა საქართველოში და ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო უკვე საქართველოშია. ხვალიდან, ის საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყებს ვიზიტის ოფიციალურ ნაწილს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე