აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო თბილისშია

საქართველო, თბილისი - 20:07 | 17.11.2020
ნანახია: 725

ცოტა ხნის წინ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თვითმფრინავი დაეშვა.

სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და საქართველოში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან.

მაიკ პომპეო ვიზიტის ფარგლებში შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს.

მაღალი დონის შეხვედრებისას განხილული იქნება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები და ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ისე ვაჭრობისა და ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და კულტურული გაცვლების სფეროში.

მხარეები ასევე განიხილავენ საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით საქართველოსა და აშშ-ს თანამშრომლობას. ქართული მხარე კიდევ ერთხელ მიაწვდის სახელმწიფო მდივანს ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებულ რთულ ვითარებაზე. ყურადღება გამახვილდება ასევე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცებისა და დემოკრატიული განვითარების პროცესში ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე.

მაიკო პომპეო შეერთებული შტატების რიგით მე-6 სახელმწიფო მდივანია, რომელიც საქართველოს ეწვია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე