მაიკ პომპეოს თვითმფრინავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით ერთ საათში ელოდებიან

საქართველო, თბილისი - 18:38 | 17.11.2020
ნანახია: 445

საერთაშორისო აეროპორტში მაიკ პომპეოს თვითმფრინავს, დაახლოებით, ერთ საათში ელოდებიან. ამერიკის სახელმწიფო მდივანი საქართველოში თურქეთიდან ჩამოდის. ოფიციალური შეხვედრები ხვალიდან დაიწყება, მაღალი რანგის სტუმარი მოლაპარაკებებს გამართავს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასევე შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. 

მაღალი დონის შეხვედრებისას განხილული იქნება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები და ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ისე ვაჭრობისა და ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და კულტურული გაცვლების სფეროში.

მხარეები ასევე განიხილავენ საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით საქართველოსა და აშშ-ს თანამშრომლობას. ქართული მხარე კიდევ ერთხელ მიაწვდის სახელმწიფო მდივანს ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებულ რთულ ვითარებაზე. ყურადღება გამახვილდება ასევე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცებისა და დემოკრატიული განვითარების პროცესში ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე