თუ ოპოზიციის დაანონსებული კამპანია კანონის ჩარჩოებს გასცდება, რეაგირება მკაცრი იქნება - ბექა დავითულიანი

საქართველო, თბილისი - 13:21 | 16.11.2020
ნანახია: 457

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, ოპოზიციის მიერ დაანონსებული კამპანია კანონის ჩარჩოებს თუ გასცდება, რეაგირება მკაცრი და კანონის მოთხოვნებთან შესაბამისი იქნება.

„თუ ამას არ გასცდება, თავისი არსით და ხასიათით ეს მაინც არის ანტიდემოკრატიული ქმედება, რადგან ხალხს აქვს ოთხ წელიწადში ერთი დღე, გამოხატოს საკუთარი პოლიტიკური პოზიცია და „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, მათ არჩევანი ვერ გააკეთონ, ამაში ხელი შეუშალონ. ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ისინი ძალადობრივი გზით ცდილობენ, წაართვან ხალხს არჩევანის უფლება და მიიტაცონ საბოლოო ჯამში ხელისუფლება. მეორე ტურში, მიუხედავად იმისა, ვინმე მონაწილოებს, თუ არ მონაწილეობს, დაფიქსირებულია ყველა საარჩევნო სუბიექტი, ვინც მონაწილოებდა პირველ ტურში და შესაბამისი შედეგით გადავიდა მეორე ტურში. აქედან გამომდინარე, შესაბამისი არჩევანი არ უნდა შევუზღუდოთ და ამისი უფლება არავის აქვს“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

დაანონსებულ სირცხვილის კორიდორებს კი დავითულიანი ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლად აფასებს.

„ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ მოხდეს ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლა, ვიღაცამ ვერ შეძლოს საკუთარი პოლიტიკური არჩევანის გაკეთება, არ მივიდეს, მოერიდოს კონფლიქტს, დაძაბულობას და ვითომ სირცხვილის კორიდორებში გავლას, მეორე მხრივ, მისულ ადამიანზე მოხდეს ზეწოლა, რატომ მიდიხარ, როცა მე არ ვმონაწილეობ. ანუ, ხელი შეუშალონ მოქალაქეებს საკუთარი კონსტიტუციური უფლების განხორციელებაში“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე