ჩვენ, როგორც წამებულები, სამოთხეში მოვხვდებით, ჩვენი მტრები კი ამოწყდებიან - ვლადიმერ პუტინი

საქართველო, თბილისი - 10:06 | 19.10.2018
ნანახია: 946

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი ბირთვულ იარაღს იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ დარწმუნდება, რომ პოტენციური აგრესორი  მის მის წინააღმდეგ დარტყმას ამზადებს.

 „აგრესორმა უნდა იცოდეს, რომ სამაგიეროს გადავუხდით, სულერთია, მას გავანადგურებთ, ჩვენ კი როგორც აგრესიის მსხვერპლი, როგორც წამებულები სამოთხეში მოვხვდებით, ისინი კი ამოწყდებიან, რადგან მონანიებასაც კი ვერ  მოასწრებენ“, - განაცხადა პუტინმა სოჭში გამართულ „ვალდაის“ ფორუმზე.

ამ სიტყვების შემდეგ დარბაზში სიცილი და აპლოდისმენტები გაისმა.

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთს უზარმაზრი ტერიტორია აქვს და სხვისი არ სჭირდება.

 „და ყირიმი?“ - ეს შეკითხვა ფორუმის მოდერატორმა ფიოდორ ლუკიანოვმა დაუსვა.

 „ყირიმი ხომ ჩვენია“, - უპასუხა პუტინმა და აღნიშნა, რომ ანექსირებული ნახევარკუნძულის მოსახლეობამ რეფერენდუმში მხარი რუსეთის შემადგენლობაში შესვლას დაუჭირა.

რუსეთის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილიც ახსენა. მისი თქმით, უკრაინა დღეს ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას ატარებს, რაც მიხეილ სააკაშვილმა თავის დროზე გააკეთა სამხრეთ ოსეთზე თავდასხმით.

ვლადიმერ პუტინის შეფასებით, სწორედ ყოფილი პრეზიდენტის ქმედებების შედეგად დაკარგა საქართველომ ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე