რომან გოცირიძე: ინფლაციისა და დევალვაციის გამო ბევრი გახდება გადასახადის გადამხდელი, რომელიც აქამდე არ იხდიდა

საქართველო, თბილისი - 16:17 | 22.09.2015
ნანახია: 2259

ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ ლარის გაუფასურება მრავალ პრობლემასთან ერთად რამდენიმე სხვა დამატებით სირთულესაც წარმოშობს, რაც კიდევ უფრო გააღარიბებს მოსახლეობას.

”ამას, სასწრაფოდ უნდა მიხედოს მთავრობამ და პარლამენტმა - საგადასახადო კანონმდებლობით, ვისი საოჯახო შემოსავალიც გადააჭარბებს წლიურად 40 ათას ლარს, უნდა გადაიხადოს ქონების გადასახადი. ეს ეხება ყველანაირ ქონებას: ბინას, მიწას, აგარაკს, კომერციულ ფართს, დაუმთავრებელ მშენებლობასა და ასე შემდეგ. თუ პირს დოლარში ჰქონდა შემოსავალი, ვთქვათ,ბინას აქირავებდა, მას იგი ლარებში თითქმის 40 პროცენტით გაეზრდება და მოხვდება გადამხდელებში. საუბარია ოჯახზე, და არა მხოლოდ ერთ პირზე. 40- ათასიანი ზღვარი, რომელიც 10 წლის წინათ დაწესდა, შესაცვლელია. - ასევე უნდა გადახედოს დამატებული ღირებულების გადასახადიდან გათავისუფლების ზედა ზღვარი, რომელიც 100 ათასი ლარია. უამრავი კერძო თუ იურიდიული პირი დაკარგავს ამ შეღავათს, ძირითადად - მცირე ბიზნესში დაკავებულები, რომლებსაც ისედაც გაუჭირდათ ძალიან”, - აცხადებს გოცირიძე.

”პრაიმნიუსჯორჯიასთან” საუბარში გოცირიძე იმასაც აღნიშნავს, რომ არის მოსაზრება, პირიქით - ყველა უნდა დაიბეგროს, თუმცა აცხადებს, რომ მაშინ განაკვეთები, რომელიც დიფერენცირებულია შემოსავლების მიხედვით, უნდა იყოს ყველასთვის ერთი.

”ეს სამართლიანია, მაგრამ შეუძლებელი. ღარიბები ბინის გადასახადსაც ვერ გადაიხდიან. თუ ამჟამინდელ დიფერენცირებულ მიდგომას დავტოვებთ, მაშინ ეს უკვე დიფერენციაციის ნაირსახეობაა. 40-ათასიანი ოჯახი არ იხდის არაფერს. შეიძლება ნულის ნაცვლად კვადრატულ მეტრზე 0.1 თეთრი ჩავწეროთ. უკვე გათავისუფლება კი არ გამოდის, არამედ დიფერენცირება. შეიძლება ასეც სჯობდეს და რეალურ აღრიცხვაში მოექცეოდა მთელი ქონება, მაგრამ ეს დიდ სირთულეებს წარმოშობდა მოსახლეობაში არაფრისმომცემი დეკლარაციების შევსებით და კაპიკების გადარიცხვით ( თუ არ გააკეთებ - ჯარიმაა). ყველაფერს თავისი დრო აქვს. ტექდათვალიერების არ იყოს. კიდევ ერთი: მსუბუქი ავტომობილების ძრავის მოცულობის მიხედვით დაბეგვრა და ქონების გადასახადის დღევანდელი მექანიზმი პირადად ჩემი დაწერილია და გატანილი პარლამენტში, როცა კომიტეტის თავმჯდიმარე ვიყავი, ამიტომ შეიძლება სუბიექტური ვიყო. თუმცა იგივე ავტომობილების დაბეგრვა, რომლის მსგავსი სხვაგან არ არის და არ შეესაბამება კლასიკურ მოდელს, იმდენად მარტივი და კომფორტული აღმოჩნდა, რომ მის შეცვლაზე არავინ ფიქრობს და სწორიცაა. ასეა, ქონების გადასახადზეც. ან ეტაპზე ასე სჯობია. მოკლედ, ინფლაციისა და დევალვაციის გამო ბევრი ადამიანი გახდება გადასახადის გადამხდელი, რომელიც აქამდე არ იხდიდა. მათ შემოსავალი კი არ გაზრდიათ, არამედ შემოსავლების მატების ილუზია იქმნება, რაც საგადასახადო კუთხით ილუზიად კი არ რჩება, არამედ რეალურ ფინანსურ სახეს იძენს”, - აცხადებს ”პრაიმნიუსჯორჯიასთან” საუბარში რომან გოცირიძე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე