გიორგი მარგველაშვილი აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 16:44 | 15.10.2015
ნანახია: 1906

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს ბრიუს ენდრიუსს შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებისა და  გაღრმავების პერსპექტივას. ხაზგასმით აღინიშნა იმ უპირატესობის შესახებ, რომელსაც საქართველო-აშშ-ს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების (FTA)  ინიციატივა გულისხმობს.

საქართველოს პრეზიდენტმა სტუმარს „გლობალური მეწარმეობის სამიტის (Global Enterpreneurship Summit) საქართველოში ჩატარების განხილვა შესთავაზა.

საუბარი ასევე შეეხო იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც დღეს საქართველო ინვესტიციების მოზიდვისა და  ბიზნესკლიმატის გაუმჯობესების თვალსაზრისით ქმნის.

შეხვედრისას ის რეგიონალური და გლობალური ეკონომიკური გამოწვევები და სირთულეებიც განიხილეს, რომლებიც გავლენას ახდენენ არსებულ ეკონომიკურ პროცესებზე.

ბრიუს ენდრიუსმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა ქართულ მხარეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას და მომავალშიც განაგრძობს საქართველოს ხელშეწყობასა და მჭიდრო თანამშრომლობას.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე